Artemis II-ის ეკიპაჟი დედამიწაზე უსაფრთხოდ დაბრუნდა

არტემის 2

2026 წლის 10 აპრილს NASA-ს კოსმოსური მისია Artemis II წარმატებით დასრულდა - ოთხი ასტრონავტი დედამიწაზე უვნებლად დაბრუნდა, რითაც კაცობრიობამ ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ კვლავ შეძლო მთვარესთან მისვლა.

გამოცემა The Guardian წერს, რომ „ორიონის“ კაფსულამ წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სანაპიროსთან, წარმატებით განახორციელა წყალში დაშვება, რაც მისიის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ ეტაპად მიიჩნეოდა.

მისია Artemis II დაახლოებით 10 დღე გაგრძელდა. ამ პერიოდში ეკიპაჟმა თითქმის 700,000 მილი გაიარა და დედამიწას რეკორდულ მანძილზე, 252,000 მილზე მეტზე დაშორდა. ეს მაჩვენებელი აღემატება აპოლო 13-ის მიღწევას და წარმოადგენს ადამიანის მონაწილეობით შესრულებულ ყველაზე შორეულ კოსმოსურ ფრენას ისტორიაში.

მისიაში მონაწილეობდნენ ასტრონავტები რიდ უაიზმანი, ვიქტორ გლოვერი, კრისტინა კოხი და კანადელი ჯერემი ჰანსენი. ფრენა ისტორიული იყო არა მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით - ის გახდა პირველი მისია, რომელშიც ქალი, აფროამერიკელი და არამერიკელი ასტრონავტი ერთად გაემგზავრნენ მთვარესთან, რაც კოსმოსური კვლევების ახალ, უფრო ინკლუზიურ ეტაპს უსვამს ხაზს.

მიუხედავად იმისა, რომ Artemis II არ ითვალისწინებდა მთვარეზე დაშვებას, მისი მთავარი მიზანი იყო „ორიონის“ კაფსულისა და სიცოცხლის უზრუნველყოფის სისტემების ტესტირება რეალურ პირობებში. მისიის განმავლობაში დაფიქსირდა მცირე ტექნიკური შეფერხებები, თუმცა NASA-მ ისინი არ მიიჩნია კრიტიკულად და მთლიანობაში ფრენა წარმატებულად შეაფასა.

Artemis პროგრამა წარმოადგენს NASA-ს გრძელვადიან სტრატეგიას, რომლის მიზანია ადამიანების დაბრუნებაა მთვარეზე და იქ მდგრადი ყოფნის უზრუნველყოფა. შემდეგი ეტაპი, Artemis III უკვე ითვალისწინებს ასტრონავტების პირდაპირ დაშვებას მთვარის ზედაპირზე, რაც დაგეგმილია მიმდინარე ათწლეულის ბოლოს.

Artemis II-ის წარმატება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კაცობრიობა მზად არის ღრმა კოსმოსის კვლევის ახალი ეპოქისთვის - ამჯერად არა მხოლოდ დაბრუნებისთვის, არამედ დარჩენისა და შემდგომი გაფართოების მიზნით.