დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
არაერთი ექსპერტი თანხმდება იმაზე, რომ ხელოვნური ინტელექტი (AI) შრომით ბაზარზე დიდ გავლენას იქონიებს. მომავლის პროგნოზირება რთულია, სპეციალისტები კი ამ საკითხზე გამუდმებით მსჯელობენ.
The Guardian-თან ინტერვიუში ამაზე ადამ დორმა ისაუბრა. იგი RethinkX-ის, ტექნოლოგიურ პროგნოზებზე მომუშავე ორგანიზაციის, კვლევითი დირექტორია. დორის აზრით, მივექანებით მომავლისკენ, რომელშიც ადამიანური პროფესიების უმრავლესობა გაქრება; ამის მიუხედავად, შენარჩუნდება რამდენიმე კონკრეტული სამსახური.
"ტექნოლოგიას ახალი სამიზნე ჰყავს და ეს ჩვენ ვართ. სამიზნე ჩვენი შრომაა", — აცხადებს დორი The Guardian-თან საუბრისას და ამატებს, რომ შრომის ღირებულება სწრაფად შემცირდება — "მსგავსი რამ აქამდეც გვიხილავს. თუკი შემიძლია, იგივე ან უკეთესი რამ იმავე ან უფრო დაბალ ფასად მივიღო, მიდგომის შეცვლას წინ არაფერი უდგას".
დორის აზრით, ადამიანები ცხენებივით ვართ — ცხენის გამოყენება ნაკლებად პრაქტიკულია, როცა უკვე ავტომობილებიც არსებობს. დორი ამბობს, რომ AI უფრო და უფრო სწრაფად ვითარდება: "ფიქრის უნარის მქონე მანქანები აქაა, მათი შესაძლებლობები დღითიდღე უფრო ფართოვდება და ამას ბოლო არ ჩანს". მისი აზრით, ამისათვის მოსამზადებლად არც ისე ბევრი დრო გვაქვს.
საფრთხე ბევრ სამსახურს დაემუქრება, თუმცა დორმა რამდენიმე ისეთი პროფესიაც ჩამოთვალა, რომლებიც, მისი აზრით, ვერ ჩანაცვლდება. მათ შორის არიან: სპორტული მწვრთნელები, პოლიტიკოსები, სექსმუშაკები და ეთიკის მკვლევრები.
"ზოგიერთ სფეროში ისევ იქნება ადამიანური შრომის ადგილი", — ამბობს იგი The Guardian-თან — "პრობლემა ისაა, რომ ეს პროფესიები საკმარისთან მიახლოებულიც კი არ არის 4 მილიარდი ადამიანის დასასაქმებლად".
გარდა დორისა, სფეროს სხვა მოწინავე სპეციალისტებიც მიიჩნევენ, რომ AI რევოლუციისას ზოგიერთი პროფესია ნაკლებად ჩანაცვლებადი, უფრო "უსაფრთხო", იქნება. ივნისში ჯოფრი ჰინტონმა, "AI-ს ნათლიამ", თქვა, ფიზიკური სამუშაოები, თუნდაც სანტექნიკოსობა, ამ მხრივ უსაფრთხო სამსახური იქნება; მეორე მხრივ, ქოლცენტრებში მომუშავეებს ან საშუალო განათლების იურიდიულ პერსონალს შეიძლება საფრთხე შეექმნათ.
ცვლილებები შეიძლება მასშტაბური იყოს. ცოტა ხნის წინ ჯიმ ფარლიმ, Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივარაუდა, რომ AI "აშშ-ში ოფისში მომუშავეთა ნახევარს ჩაანაცვლებს".
AI-ზე გაფრთხილებები აქამდეც არაერთხელ მოგვისმენია ექსპერტებისგან. რახანია ფიქრობენ, რომ AI-მა შეიძლება ადამიანური შრომა გააუფასუროს. ახლახან MIT-ის ეკონომისტმა დევიდ აუტორმა თქვა, რომ AI-მა შეიძლება დისტოპიურ შრომით ბაზრამდე მიგვიყვანოს, რომელშიც შრომა იაფი, ჩანაცვლებადი და მნიშვნელობისაგან დაცლილი იქნება. ეს რადიკალურად განსხვავდება იმ მომავლისგან, რომელიც AI-სადმი ოპტიმისტურად განწყობილ ადამიანებს წარმოუდგენიათ.
ცხადია, მომავლის შესახებ ექსპერტთა პროგნოზები შეიძლება არც გამართლდეს. კომპანიების ლიდერებს ხშირად სურთ, რომ ადამიანების შრომა უფრო იაფი ალტერნატივით, ხელოვნური ინტელექტით, ჩაანაცვლონ, თუმცა ტექნოლოგიას ჯერ მაინც არაერთი პრობლემა აქვს. თუკი AI ზედმეტად ბევრ სამსახურს ჩაანაცვლებს, მსოფლიოს ეკონომიკაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.
ამის მიუხედავად, ზოგი ტექნოლოგიური ლიდერი მაინცდამაინც არ ღელავს. მათ შორისაა სემ ალტმანი, OpenAI-ს აღმასრულებელი დირექტორი. მისი აზრით, "ბევრი სამსახური რომც გაქრეს" და მათი ალტერნატივები სულელური გვეჩვენებოდეს, ადამიანებს "ახალი საქმეების გამონახვა და რაიმეთი დაკავება ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა".
გასარკვევი ჯერ ბევრია. ამას დორიც აღიარებს და The Guardian-თან ამბობს: "პასუხები არ მაქვს. ისიც კი არ ვიცით, სწორ კითხვებს ვსვამთ თუ არა". მისი აზრით, ახლა ექსპერიმენტირებას უნდა მივყოთ ხელი და ახალი მიდგომები გამოვცადოთ.