VIDEO: „ეს დედის გინებაზე მეტი შეურაცხყოფაა...“ - ჩხუბი და გინება დეპუტატებს შორის

ჩხუბი პარლამენტში

პარლამენტის სხდომათა დარბაზში მწვავე პოლიტიკური განცხადებები და ურთიერთბრალდებები ისმოდა. სესია პოლიტიკური განცხადებებით გრძელდება. მანამდე კი იყო ფიზიკური შეხლა-შემოხლა და სიტყვიერი კამათი.

ერთმანეთს "ქართული ოცნების", "ხალხის ძალისა" და ოპოზიციონერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ. ტექნიკური შესვენების გამოცხადების შემდეგ, სხდომა გაგრძელდა. განცხადებები ძირითადად აგენტების კანონპროექტების ირგვლივ კეთდება.

 

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებული კანონპროექტები ეწინააღმდეგება ევროინტეგრაციას და ქვეყნის საგარეო კურსს.

"სამწუხაროა, რომ ყაველაშვილი წავიდა, იმიტომ რომ საჩუქარი მქონდა მისთვის მოტანილი. იმიტომ რომ ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, აგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო, ამას სჭირდება წიგნის კითხვა და ჩემი წიგნი მოვუტანე რუსეთის ფარულ ომზე. რუსულ ენაზე, იმიტომ რომ გაქცევა რომ მოუწევთ ამ ქვეყნიდან, რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი და ივარჯიშოს," - ამბობს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი, სალომე სამადაშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ "ქართული ოცნება" კანონთან მარტო დარჩა.

"ყველა პოლიტიკოსი, დასავლეთი, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები და მეგობრები, ყველა ეუბნება არას რუსულ კანონს. მარტო ხართ ამ კანონთან, რუსულ კანონთან და ამას ამართლებთ," - თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ დიდი ძალისხმევა ჩაიდო ოპოზიციის მხრიდან, რომ  საზოგადოებას არ გაეგო ის, რასაც სინამდვილეში ეს კანონპროექტი გულისხმობს.

"ბოლო დღეებში უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ საზოგადოებას შეექმნას არასწორი შთაბეჭდილებები აქ მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით. კანონპროექტზე, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პარლამენტში განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა.

„დღეს ევროკავშირი არის ჩვენი იდენტობის, გადარჩენის და ამ ქვეყნის განვითარების უალტერნატივო გზა. სხვა გზა ამ ქვეყანას უბრალოდ არ გააჩნია. მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ ამ კანონის მიღებისას, რა თქმა უნდა, მოვუსმინოთ ჩვენს მოქალაქეებსაც და ის სიტყვათა წყობა, არასაც ჰქვია "უცხო ძალის გავლენის აგენტი", რომელთან დაკავშირებით, პრობლემა აქვს ევროკავშირსაც, პრობლემა აქვს ამ სექტორში დასაქმებულ ათასობით კეთილსინდისიერ მოქალაქესაც, იმიტომ რომ კონოტაცია აღქმაში იქნა უარყოფითად მიღებული, ამიტომ, ჩემი აზრით, არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ შევძლოთ იმგვარი კონსესუსის მიღწევა, როდესაც იქნება რომელიც მისაღები იქნება ფორმულირებაში ევროკავშირისთვისაც და ათასობით მოქალაქისთვისაც," - ამბობს ბექა დავითულიანი.

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ყველამ ნახა ოპოზიციის უმრავლესობის ისტერია, დესტრუქცია და უსაფუძვლო იარლიყების მიწებების მცდელობა.

"ჩვენ შემოვიტანეთ კანონპროექტი, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების მაქსიმალურ ინფორმირებულობას, თუ რაში იხარჯება ქვეყნის გარედან შემოტანილი ფული. ოპოზიცია თავიდანვე შეთანხმდა, თავად გააჟღერეს ეს და მათ ქმედებებშიც ჩანდა, რომ ისინი არ აპირებდნენ შინაარსში შემოსვლას და აპირებდნენ მხოლოდ ხმაურს. ეს იმიტომ, რომ საზოგადოებას არ მიეღო ის ინფორმაცია, რასაც ჩვენ კანონპროექტის განხილვის დროს ვგეგმავდით და ასე თუ ისე, მოვახერხეთ კიდეც. როდესაც საზოგადოებას არ აქვს სწორი ინფორმაცია, მას ხან გარედან, ხან შიგნიდან ხან ერთ ფეხზე დააყენებენ, ხან მეორეზე და თუ ჩვენ მივუშვით ეს პროცესები, შესაძლოა ფეხები მოკვეთონ კიდეც," - ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.