1739342153
„უჭმელობით და უსმელობით ანემია დაგვემართა... ტყეში მაყვალს ვკრეფდით და ვყიდდით...“ - პაატა თედიაშვილი მძიმე პერიოდზე
მომღერალი პაატა თედიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ ცხოვრების რთულ პერიოდს იხსენებს.
„დედა ექიმი-ლაბორანტი იყო, 25 წელი იმუშავა, თუმცა როცა 90-იანი წლები დადგა, თვეობით ელოდა ხალხი ხელფასს და მაშინ ძალიან გაგვიჭირდა. დედამ ჯანმრთელობის გამო სამსახურს დაანება თავი. ურთულესი პერიოდი გვქონდა. მახსოვს, სახლიდან მზესუმზირას და ლიმონათს ვყიდდით. დილით ადრე ვდგებოდი, სახლში მომქონდა და ვყიდდი. შემდეგ, ყველს ვყიდულობდი და ვყიდდი თბილისის ბაზარზე. რა ვიცოდი ყველის შერჩევა და თურმე, გვატყუებდნენ, ნახევარზე მეტი წათხი რჩებოდა და მოგების ნაცვლად ვალები დაგვედო. უჭმელობით და უსმელობით რკინადეფიციტური ანემიაც კი დაგვემართა. მახსოვს, მე და ჩემი და როცა ვაბარებდით და რკინიგზის სადგურზე მატარებელს რომ ველოდებოდით, დედას არაერთხელ უკითხავს, დარწმუნებულები ხართ, რომ შეძლებთ? ხომ იცით, ჩვენი მატერიალური მდგომარეობა და მერე იმედგაცრუებული არ დარჩეთ, ამის მეშინიაო. მაგრამ ორივემ ისე დავიჟინეთ, რომ დედა გაოცებული იყო. გადაწყვეტილი გვქონდა, აუცილებლად გვესწავლა და ამისთვის ყველაფერს შევძლებდით. ხშირად ვიხსენებთ ხოლმე ამ მომენტს და გვეამაყება, რომ მაშინ უკან არ დავიხიეთ, თუმცა, ეს ძალიან რთული იყო. იმდენად მძიმე მატერიალური მდგომარეობა გვქონდა, ხაშურში ტყეში დავდიოდით ხოლმე, მაყვალს ვკრეფდით და ვყიდდით, რომ გადავრჩენილიყავით. თუმცა, ეს კიდევ უფრო ადრე იყო.
მიუხედავად ამისა, ყველაზე სწორი ის მგონია, რომ სწავლაზე უარი არ ვთქვით. დაახლოებით, ათი წელი ვსწავლობდით, აკადემიურები დაგვჭირდა: იმის გამო, რომ სწავლის საფასურს ვერ ვიხდიდით, ჩამორჩენები გვქონდა. თბილისში ცხოვრებაც ძალიან რთული იყო ჩვენთვის, დამხმარე არავინ გვყავდა. დედა ყველაფერს აკეთებდა. თავისი ოქროული გაუყიდია, თავისი კაბები გაუყიდია, რომ ჩვენთვის ცეკვის ფული გადაეხადა და მერე, სტუდენტობისას, უკვე ჩვენი ცეკვით გვქონდა შემოსავალი, რომელსაც მთლიანად განათლებაში ვდებდით. მახსოვს, ერთ-ერთ ორშაბათს სწავლის ღირებულება დავფარეთ. იმ დღეს რექტორთან შეხვედრა გვქონდა და ეს შეხვედრა განსაკუთრებით დამამახსოვრდა. გვითხრა, სანამ ლექციას დავიწყებ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრათო. უამრავი ლარიანი და ორლარიანი შემოიტანა და თქვა: ეს არის თანხა, სწავლის საფასური, რომელიც თედიაშვილებმა დღეს გადაიხადესო. რომ დავინახე, ცრემლები წამომივიდა, რამდენს შრომობენ ეს ახალგაზრდები, რომ ისწავლონ. ეს წვრილი კუპიურებით შეგროვილი თანხა უნდა იყოს მისაბაძი თითოეული სტუდენტისთვისო. სტუდენტებს შორის, მხოლოდ მე და ნონა ვიყავით, ვინც სწავლის საფასურს ჩვენი შრომით ვიხდიდით. გარშემო, ძირითადად, პრივილეგირებული ოჯახების შვილები იყვნენ და ბუნებრივია, მათ საჭიროებებს მშობლები აფინანსებდნენ. ჩვენ წინა დღეს კონცერტი გვქონდა. იქიდან მიღებული ლარიანებიდან და ორლარიანებიდან შევაგროვეთ საჭირო თანხა.
კი სტუდენტობა ურთულესი იყო, მაგრამ ყველაფერი დავძლიეთ. ადამიანური თვალსაზრისით არ შევცვლილვართ. ყოველთვის ვგრძნობთ, ვის უჭირს და როგორც შეგვიძლია, ვეხმარებით. სახლში ნაკლები საკვები მიმიტანია და ქუჩის ძაღლებისთვის მიყიდია საჭმელი, ამით ბედნიერი ვყოფილვარ. ისეთი გზა გამოვიარე, ყველაფრის ფასი ვიცი. დღეს ჩვენს საქმეს ვაკეთებთ და შეგვიძლია, ხელი გავუმართოთ მათ, ვისაც ჩვენზე ნაკლები აქვს“, - ამბობს პაატა თედიაშვილი.