„ციხეში ვინ უნდა გამეცნო... დაოჯახებას ვაპირებ, თავისი ჯვრისწერით“ - ბედინა

ბედინა

მიხეილ ბედინაშვილი - ეს ის სახელი და გვარია, რომელიც ბევრმა არ იცის, თუმცა, ბედინას დღეს თინეიჯერებიც კი იცნობენ. ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტებიდან ის ერთ-ერთია, რომელიც 90-იანი წლებიდან  მოყოლებული დღემდე, ქართული რეპის სათავეში დგას.

ბედინასთვის ზაფხული შემოქმედებითი კუთხით საკმაოდ ცხელი აღმოჩნდა, მან ბათუმსა და ბაკურიანში კონცერტები გამართა. აღსანიშნავია, რომ დამსწრე ახალგაზრდები მას სიმღერის დროს აქტიურად ჰყვებიან და მის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავენ. 

„სიცრუის დეტექტორში“ სტუმრობისას, ბედინამ პირად ცხოვრებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ ცხოვრების ის წლები, როცა ოჯახი უნდა შეექმნა, ციხეში გაატარა, თუმცა 46 წლის ასაკშიც არ გამორიცხავს, რომ დაოჯახდეს, ქორწილი გადაიხადოს და რა თქმა უნდა, შვილიც იყოლიოს.

„ვნანობ, რა თქმა უნდა. თითქმის შენხელა რომ არის, მაგაზე კარგი რა არის. ცოტა ძველმოდური ვარ. ცოლის მოყვანა წარმომიდგენია თავისი ჯვრისწერით, ერთგულებით, სასაფლაოს იმხელა გათხრით, რომ იქაც ერთად უნდა დაწვნენ, ბოლოში. ის პერიოდი, როცა უკვე სიყვარულის ნაპერწკალი გეხსნება, ორთაჭალის გისოსები და რუსთავის კოლონია მომიწია. 19 წლის ვიყავი, ვეღარ მოვასწარი ამ თემის დალაგება, მომიწია ბნელი, თავისუფალაღკვეთილი ცხოვრება. ციხეში ვინ უნდა გამეცნო, თუ იქ ვინმე მოდიოდა, პატიმრის და, მეუღლე ან ნათესავი იყო. ციხეში ისე გავიზარდეთ, არავის გვქონდა უფლება,  პატიმარს რომ მანდილოსანი მოაკითხავდა, გაგვეხედა იმ მხარეს. მე ჩემი და და მშობლები მაკითხავდნენ. სად მენახა იქ გოგო.

25 წლის რომ გამოვედი, მომზადებული ვიყავი იმისთვის, რომ ქართული რეპი გასაახლებელია, ვეღარც მოვასწარი მეორე ნახევარზე ფიქრი. კარიერა ცუდი სიტყვაა, კარიერისტი არ ვარ. ახლა 46 წლის ვარ და დაოჯახებას აუცილებლად ვაპირებ, თავისი ჯვრისწერით. ხელის მოწერა რაღაც ისეთი თემაა... შეყვარებული არ მყავს და არც მყოლია არასდროს. გული თავისუფალია“, - ამბობს ჰიპ-ჰოპ არტისტი.