„ცდილობ, მხოლოდ ფულის გამო არ გავაკეთო რაღაცები, მაგრამ...“ - რის გაკეთება უწევს ჩცდ-ს მსახიობს თანხის სანაცვლოდ

ani

"ცდილობ, მხოლოდ ფულის გამო არ გავაკეთო რაღაცები, მაგრამ მიწევს. მხოლოდ ჰონონარის გამო შეიძლება, რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და ეს ჰონორარი ისეთი უნდა იყოს, ოდნავ მაინც შეეძლოს რაღაცის შეცვლა" - მსახიობი ანი ტყებუჩავა ჟურნალ "თბილისელებთან" პროფესიაზე საუბრობს. 

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოში მსახიობების ანაზღაურება ისეთი მაღალი არაა, როგორც მაგალითად თურქეთში. 

"ალბათ, ყველა პროფესიაში უნდა გაგიმართლოს. შანსი უნდა მოგეცეს და მერე გამოიყენო. საქართველოში ბევრი ჭკვიანი და მონდომებული ადამიანია, მაგრამ ზოგჯერ სხვა თვისებები გადაწონის და ვერ ეწყობა საქმე კარგად. მე ძალიან დამთმობი ხასიათი მაქვს. თუ ძალიან არ შეეწინააღმდეგებიან ჩემთვის ძვირფას პრინციპებს, ვცდილობ, რომ დამთმობი და უკონფლიქტო ვიყო. საერთო ჯამში, მაინც ორივე ერთად.

დაუღალავი შრომა, ძალიან ბევრი მსხვერპლი, პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი თავის მუდმივი ოპონირებაა საჭირო. შექება რამდენადაც მნიშვნელოვანია, იმდენად დამღუპველია. წარმატება საკმაოდ საშიშია, რადგან მერე ადამიანი კმაყოფილებას ეძლევი.

საკუთარ წამატებაში მოკალათდები და აღარაფრის კეთება აღარ გინდა. ადრე შესაძლოა, იმაზე მეტსაც ვაკეთებდი, ვიდრე საჭირო იყო, მაგრამ დღესაც, როგორც პატარა გოგო, ყოველ ჯერზე ვცდილობ, თავიდან დავამტკიცო ჩემი პროფესიონალიზმი იმ ადამიანების წინაშე, ვინც მე კონკრეტული საქმე მანდო. ვცდილობ, ხარისხის გარანტი ვიყო და ეს ჩემი სტაბილური მოცემულობა გახდეს.

– გამომდინარე იქიდან, რომ წამყვანი როლი გაქვს სერიალში, რომელიც წლებია, დიდი პოპულარობით სარგებლობს, ალბათ, მაყურებელს აქვს იმის განცდა, რომ საკმაოდ მაღალშემოსავლიანი მსახიობი ხარ, როგორია რეალობა, ფინანსური თვალსაზრისით რამდენად გაუმართლეთ იმედები საკუთარ თავს?

– მე სულ ვამბობდი, ჩემი პროფესია იმდენად მიყვარს, თუ მისით რეალიზების ფუფუნება მექნება, ელემენტარული ჰონორარით დავკმაყოფილდები-მეთქი. მაშინ არ მქონდა ოჯახი და შესაბამისად – პასუხისმგებლობები შვილების წინაშე. როცა ეს არის, მერე მოთხოვნებიც იზრდება და ხარჯებიც. სულაც არ არის ისე, როგორც წარმოუდგენიათ.

დღეს საქართველოში არ არის ბევრი ფული, თუმცა ადამიანებს შეიძლება, ჰგონიათ, რომ ათი წელია, სერიალში ხარ და დიდი ანაზღაურებაც გაქვს. თურქულ სერიალში რომ ვმონაწილეობდე, ალბათ, მილიონერი ვიქნებოდი, მაგრამ მე მხოლოდ საშუალო ფენას ვეკუთვნი (იცინის). სერიალი მიყვარს და აქ რაღაცების უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს. ხელფასს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ არ ვარ მარტო ხელფასის გამო.

საერთოდ, ვცდილობ, მხოლოდ ფულის გამო არ გავაკეთო რაღაცები, მაგრამ მიწევს. მხოლოდ ჰონონარის გამო შეიძლება, რეკლამაში მიიღო მონაწილეობა და ეს ჰონორარი ისეთი უნდა იყოს, ოდნავ მაინც შეეძლოს რაღაცის შეცვლა, მაგრამ საქართველოში მაინც ვერ იქნები მსახიობი, რომელიც მაღალ ჰონორარებს ითხოვს.

– ფინანსებთან ურთიერთობაში როგორი ხართ?

– არ ვარ ხელმომჭირნე. როცა საშუალება მაქვს, მივდივარ, რაღაცებს ვყიდულობ. წლების შემდეგ საკუთარი თავის დაჯილდოებაც ვისწავლე. არ არის აუცილებელი, რაღაც დიდი ვიყიდო, წვრილმანებიც ძალიან მახარებს. თუმცა, ეს ყველაფერი მთავარი პასუხისმგებლობების დაფარვის შემდეგ. როცა საქმე გადასახადებს ეხება, თუ დამატებითი შემოსავალი ჩნდება, მირჩევნია, ყველაფერი წინსწრებით დავფარო, რადგან არ მაქვს სტაბილურობის განცდა, არ ვიცი, ხვალ რა იქნება.

ამის შემდეგ რაც დარჩება, ვცდილობ, სწორად გადავანაწილო საჭიროებებზე და თუ მერეც დამრჩება თანხა, მერე შეიძლება, თავიც გავანებივრო. რაშიც თავის შეკავება მიჭირს, ბავშვების ტანსაცმელია. ფასდაკლებაზე შემიძლია, ჩემი შვილის ასაკისაზე ორი წლით უფროსი ბავშვის ქურთუკი ან ფეხსაცმელი ვიყიდო. მერე შეიძლება, დრო ან თანხა არ მქონდეს ან ასეთი კარგი ვარიანტი ვეღარ ვნახო.

ასეთ დროს ბოლო კაპიკებიც გადამიხდია და მერე მშვიდად ვარ ხოლმე (იცინის). თუმცა, პანდემიის დროს მივხვდი, რომ ასეთი სიგიჟეც არ ვარგა. სკოლისთვის ბავშვს ყველაფერი წინასწარ ვუყიდე, მაგრამ, ამ კოვიდის გადამკიდე, არაფერი დასჭირვებია. ამიტომ ვისწავლე, რომ ძალიან წინ ხედვაც და წლებით ადრე რაღაცებზე ზრუნვა არ არის საჭირო.

– მეორე ნახევარში რამდენად გაგიმართლათ ხელშეწყობის თვალსაზრისით?

– ჩემს მეუღლეს არასდროს უსაყვედურია სამსახურის გამო. როგორც ჩემი მეგობრები და კოლეგები ამბობენ, ძალიან დიდი გამართლებაა, როცა ამ მხრივ, მეუღლე გვერდით გიდგას. ახალ წელს ბაკურიანში ვიყავი რამდენიმე დღე და ბავშვები ლევანს ჰყავდა. ერთხელ სადილის გაკეთება დამავიწყდა და გადაღებაზე წავედი, გვიანობამდე გაგრძელდა და ლევანმა მომწერა, როდის მოხვალო, თან მოაყოლა, რომ მოხვალ, მომიყევი, რით უნდა გვესადილაო (იცინის). შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ ამისგან პრობლემას არ ვქმნით.

– მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, გადაღებები დილიდან საღამომდე გაგრძელდეს, ახერხებთ ოჯახშიც ყველაფერი თავის ადგილზე იყოს?

– კი, ყველაფერი თავის ადგილზე უნდა იყოს: სახლიც დალაგებული, საკვებიც გამზადებული და ასე შემდეგ. ათიდან ცხრა შემთხვევაში მაინც ასე უნდა იყოს, რომ გადაღებაზე მშვიდად წავიდე და ჩემი საქმე ფორიაქის გარეშე გავაკეთო.

ახლა ბავშვები ცოტა გაიზარდნენ და შეიძლება, ლევანმა საჭმელი გამოიძახოს და იმით დანაყრდნენ, მაგრამ უფრო პატარები რომ იყვნენ, საჭმელი შუაღამისასაც გამიკეთებია. ყოველთვის ისე ვიქცევი, როგორც საჭიროა და მგონია, რომ ნორმალურად გამომდის.