"ქერი ბრედშოუ" და "მისტერ ბიგი" რეალურად არსებობდნენ - ვინ არიან ისინი

სექსი დიდ ქალაქში

რთულად თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვისაც ქერი ბრედშოუასა და მისტერ ბიგის წყვილი არ უყვარს. საკულტო სერიალი „სექსი დიდ ქალაქში" ეკრანებზე პირველად 1998 წელს გამოვიდა და მალევე ყველაზე პოპულარულ სატელევიზიო შოუდაც იქცა. 

თუმცა, ცოტამ თუ იცის ის ფაქტი, რომ ქერი ბრედშოუსა და მისტერ ბიგს რეალურად ცხოვრებაში პროტოტიპები ჰყავთ. სწორედ მათი ისტორია გახდა სერიალის შთაგონების წყარო. 

სერიალის "სექსი დიდ ქალაქში" მთავარი გმირი ჟურნალისტ კენდეს ბუშნელის ალტერ ეგოა, რომლის წიგნიც სერიალს საფუძვლად დაედო. კერი ბრედშოუს მსგავსად, ისიც ნიუ-იორკს აღმერთებდა. აქტიური ქალი იყო, სხვადასხვა ღონისძიებას, პრესტიჟულ წვეულებებს ესწრებოდა და შესანიშნავი გემოვნებით გამოირჩეოდა.

კენდესი თავდაპირველად New York Observer-ის მიმომხილველი გახდა, შემდეგ კი მთავარმა რედაქტორმა უფლება მისცა, საკუთარი საავტორო სვეტი გაეკეთებინა. თემა თავისუფალი იყო. რედაქტორმა უთხრა, რომ რაზეც მოესურვებოდა, იმაზე დაეწერა. კენდესმაც თავისი ცხოვრების, მამაკაცებთან ურთიერთობებისა და გამოცდილებების შესახებ გულწრფელად წერა დაიწყო. ბუშნელის მახვილგონიერებამ და გულწრფელობამ შესაბამისი შედეგი გამოიღო. ის მკითხველის საყვარელი ავტორი გახდა, მისი სვეტი კი გაზეთის ყველაზე პოპულარული განყოფილება...

კენდესმა საკუთარი სვეტები გააერთიანა და 1996 წელს წიგნი, სახელწოდებით "სექსი დიდ ქალაქში" დაბეჭდა. ახალგაზრდა მწერლის ლიტერატურულმა შემოქმედებამ პროდიუსერ დარენ სტარზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა და ნაწარმოების ეკრანულ ადაპტაციად გარდაქმნის პოტენციალი მაშინვე იგრძნო. კენდესი შეთავაზებას მალევე დათანხმდა. ორი წლის შემდეგ კი ეკრანებზე კერი ბრედშოუ გამოჩნდა, რომელიც კენდეს ბუშნელის ისტორიას თითქმის 100%-ით იმეორებდა.

რეალურად არსებობდა კერი ბრედშოუს "ოცნების მამაკაციც". მისი სახელი რეალურ ცხოვრებაში რონ გალოტი იყო. ბუშნელს ის ერთი ნახვით შეუყვარდა. 

რონი და კენდესი ერთმანეთს 1995 წელს, ერთ-ერთ წვეულებაზე შეხვდნენ და ვნებიანი რომანიც დაიწყო. ამ რომანის შესახებ ბევრმა ადამიანმა იცოდა. კენდესი მის შესახებ საკუთარ სვეტშიც წერდა. წყვილი თავიდან სულ ერთად იყო, დადიოდნენ სხვადასხვა წვეულებაზე, ღონისძიებაზე, სტუმრობდნენ ძვირად ღირებულ ადგილებს და პრესის გვერდებზეც ხშირად ჩანდნენ.

1996 წელს რონ გალოტმა კენდესს განუცხადა, რომ ამ ურთიერთობაში შესვენების აღება სურდა და ასპენის სათხილამურო კურორტზე გაემგზავრა. იქიდან კი მარტო არ დაბრუნებულა... ბიზნესმენს თან ლიზა უილკოკსი, ულამაზესი სპორტსმენი ჩამოჰყვა, რომელთანაც რომანი დაიწყო.

კენდესი ამ სიახლის გამო საშინლად იმედგაცრუებული იყო და იტანჯებოდა. რონი საყვარელ ქალზე მალევე დაქორწინდა, კენდესი კი საკუთარ ტკივილთან მარტო დარჩა და მთელი თავისუფალი დრო წიგნების წერას დაუთმო.