1755711092
პერის ჰილტონი საბავშვო მულტფილმს გამოუშვებს

YouTube-ზე ანიმაციური სერიალი „პერისი და ლეკვები“ გამოვა, რომლის მთავარი გმირიც პერის ჰილტონი გახდება. ანონსი ვარსკვლავის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდა.
შოუს პირველი ეპიზოდი 23 სექტემბერს გამოვა, შემდეგ კი სერიები ყოველკვირეულად დაიდება. სერიალი ჰილტონის ძაღლებით და მისი „ცხოველებისადმი მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგრძელებული სიყვარულით“ არის შთაგონებული. პროექტი სიკეთეს, მეგობრობას, მუსიკას და პატრონებსა და შინაურ ცხოველებს შორის არსებულ კავშირს ეძღვნება.
ანიმაციური ფილმის გმირები არიან: პერის სტარი, ანუ ჰილტონის მოზარდის ასაკის ვერსია და მისი ლეკვები - დაიმონდი, ბეიბი, სლივინგტონი, მაგზი და ბიჯოი. მოქმედება მდიდრულ სასტუმროში ვითარდება - სწორედ ასეთ გარემოში იზრდებოდა ჰილტონი. სტარი კი ჰილტონის ბავშვობის მეტსახელია.
სერიალი ხუთიდან რვა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის განკუთვნილი. 2023 წლის იანვარში პერის ჰილტონი პირველად გახდა დედა. ის აღიარებს, რომ ბავშვებისა და ოჯახებისთვის „ჯადოსნური“ პროექტების შექმნა მისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე.