დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

დაკავება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით, აჭარის რეგიონში გაასაღა, საერთო ჯამში, 7 400 აშშ დოლარის ოდენობის 74 ცალი ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით.