ნორთ ვესტმა კენდალ ჯენერს ენა მიუტანა, რომ კიმს მისი ჩაცმულობა არ მოეწონა

კარდაშიანები

ისეთი პირი უჩანს, რომ კიმ კარდაშიანის შვილი, ნორთ ვესტი ერთ დღესაც კარდაშიანების ოჯახის ყველა საიდუმლოს გაამხელს. კარდაშიანების ახალ ეპიზოდში ნორთმა დედა დაასმინა და დეიდას, კენდალ ჯენერს, ენა მიუტანა, რომ სინამდვილეში კიმს მისი მეთ გალას ჩაცმულობა სულაც არ მოეწონა. ნორთმა კრიტიკა არც კიმს დააკლო და მისი 50,000 მარგალიტისგან შემდგარი კაბა ლარიან მაღაზიებში ნაყიდ ნივთებს შეადარა.

კენდალმა შავ-თეთრ ტანისამოსს მარკ ჯეიკობსის შავი ჩექმა შეუხამა, თუმცა მისი თქმით, ნერვიულობდა, რადგან ჩექმით სხვებთან შედარებით მაღალი იქნებოდა. კენდალს კაილი და კიმი ამხნევებდნენ და ეუბნებოდნენ, რომ იდეალურად გამოიყურებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, კიმი ასე არ ფიქრობდა.

რეალითი შოუს ეპიზოდში ჩანს, რომ მეთ გალას შემდეგ კენდალი თავის ოთახში დისშვილებთან, პენელოპესთან და ნორთთან ერთადაა და ეკითხება, ვისი ჩაცმულობა მოეწონათ ყველაზე მეტად, ბავშვები კი კენდალს ასახელებენ. ყველაფერი მაშინ ფუჭდება, როდესაც ჯენერი ამბობს, რომ მათ კიმიც ეთანხმება, ნორთი კი ეუბნება, რომ რეალურად კარდაშიანს დის ჩაცმულობა გულზე სულაც არ ეხატებოდა.

შემდეგ ჩანს, როგორ საყვედურობს კიმი ნორთს სიმართლის თქმისთვის.

„ჩემი ერთგული უნდა იყო. როცა ვიღაცაზე ცუდად ვლაპარაკობ, კი არ უნდა დამასმინო. რატომ უთხარი დეიდა კენდალს, რომ მისი ჩაცმულობა არ მომეწონა?", - ეუბნება კიმი შვილს.

საბოლოოდ, ოჯახმა საერთო ენა მაინც გამონახა. მართალია, კენდალი ნაწყენი დარჩა, თუმცა თქვა, რომ მთავარია, ბავშვების ფავორიტი იყო და მისი ჩაცმულობა ნორთს და პენელოპეს მოეწონათ.

ასევე ნახეთ:

ამინდი მკვეთრად იცვლება - 112 მოსახლეობას აფრთხილებს

დღეს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი