ნიუ-იორკში ხელოვნურ ინტელექტთან პაემნებისთვის მსოფლიოში პირველი კაფე გაიხსნა

პაემანი AI-სთან

კომპანიამ EVA AI, რომელიც მომხმარებლებს ვირტუალური მეგობრის შექმნის საშუალებას აძლევს, უჩვეულო დეითინგ-ღონისძიებების სერია წამოიწყო. ამ შეხვედრების ფარგლებში ადამიანებს შეუძლიათ რესტორანში ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპანიონებთან ერთად პაემანზე წავიდნენ.

New York Post-ი წერს, რომ ეს ნიუ-იორკში მდებარე ბარში Same Same ხდება. მაგიდებზე სმარტფონებისა და პლანშეტების სპეციალური სადგამები განათავსეს, რათა ადამიანებს ხელოვნურ ინტელექტთან კომფორტულად საუბრის შესაძლებლობა ჰქონოდათ.

„გვინდოდა ადამიანებისთვის მიგვეცა შესაძლებლობა, ხელოვნური ინტელექტის მქონე კომპანიონი რეალურ ცხოვრებაში, ნამდვილ პაემანზე დაეპატიჟებინათ. ეს ხელს შეუწყობს AI-სთან ურთიერთობის ირგვლივ არსებული სტიგმის შემცირებას და ამ პროცესს გარშემომყოფებისთვის უფრო გასაგებს გახდის“, - აღნიშნა EvaAI-ს წარმომადგენელმა, ჯულია მომბლატმა.

ამასთანავე, მომბლატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიაში კომუნიკაციის ამ ფორმატს „ნამდვილი ურთიერთობების შემცვლელად“ არ მიიჩნევენ.

როგორც New York Post-ი წერს, გახსნის დღეს ვიზიტორებს შორის ძირითადად ჟურნალისტები, ინფლუენსერები და ცნობისმოყვარე ტექნოლოგიური ენთუზიასტები იყვნენ, თუმცა მომბლატი იმედოვნებს, რომ ასეთი კაფეები სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.