კანდელაკის, სიმონიანის და სხვა იდეოლოგების წინააღმდეგ უკრაინა საერთაშორისო სანქციებს ითხოვს

თინა კანდელაკი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც ერმაკი-მაკფოლის სახელით არის ცნობილი, რუსეთის 166 იდეოლოგის წინააღმდეგ საერთშორისო სანქციების დაწესებას მოითხოვს.

დოკუმენტი უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე გავრცელდა. სიაში შედიან მედია საშუალებების ხელმძღვანელები თინა კანდელაკი, მარგარიტა სიმონიანი, დიმიტრი კისელიოვი, ასევე, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები ირინა ალეგროვა, დიმა ბილანი, ნიკოლაი ბასკოვი, სერგეი ბეზრუკოვი, ფილიპ კირკოროვი და სხვები. ასევე, „შავ სიაში“ არიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, დუმის წევრები და ექსპერტები.

ამ ადამიანებს პროპაგანდისტებს უწოდებენ. მათი ნაწილი იდეოლოგია, რომლებიც სახელმწიფო პროპაგანდისთვის აუცილებელი იდეების ფორმირებას ახორციელებენ, ხოლო მეორე ნაწილი არიან „რუპორები“, რომლებიც ამ იდეებს აჟღერებენ.

„ეს ადამიანები ქმნიან ყალბ ნარატივებს კრემლის აგრესიული პოლიტიკის შესაბამისად, ომისთვის იდეოლოგიურ საფუძველს ქმნიან, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ახორციელებს და მალავენ სამხედრო დანაშაულის ფაქტებს“, - წერია ამ ინფორმაციაში.