გაიცანით ქართველი ბიჭი, რომელიც ჩვენებაზე თავად დემნა გვასალიამ დაპატიჟა - საბა ახდენილი ოცნება

დემნა გვასალია და საბა ბახია

დემნა გვასალია უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ჩვეული ორიგინალურობით გამოეხმაურა. Balenciaga-ს 2022 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენება რუსეთ-უკრაინის ომს მიეძღვნა. 

Balenciaga 360° უკრაინული ლექსით  გაიხსნა რომელსაც ქართველი დიზაინერი თავად კითხულობს. ჩვენების კონცეფცია იმ სირთულეებს უსვამდა ხაზს, რის წინაშეც ახლა უკრაინა დგას. ქარიანი და თოვლიანი სცენა, BFRND-ისა და დევიდ კადოუჩის მუსიკის ფონზე ზუსტად გამოხატავდა სათქმელს.

ჩვენების შემდეგ კულისებში საინტერესო შეხვედრა შედგა. „ინსტაგრამზე“ დემნა გვასალიას ქართული გვერდის Demnagram-ის ავტორი საყვარელ დიზაინერს პირადად შეხვდა.

როგორც საბა ბახია „პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, ჩვენებაზე თავად დემნა გვასალიამ დაპატიჟა:

„როდესაც demnagram-ს ვქმნიდი ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს დემნას პირადად შევხვდებოდი და Balenciaga-ს შოუს დავესწრებოდი. ჩვენებაზე პირადად დემნა გვასალიამ დამპატიჟა - მომწერა და მითხრა, რომ უნდოდა მარტში პარიზში ჩავსულიყავი და შოუს დავსწრებოდი. ამან ძალიან გამაბედნიერა. ერთი მხრივ, საოცრება იყო იმის წარმოდგენა რომ ჩვენებაზე მოვხვდებოდი, მეორე მხრივ კი ამ ჟესტით დემნასგან  დიდი დაფასება ვიგრძენი იმ საქმის გამო, რასაც ვაკეთებ.  შეხვედრის შემდეგ ორი დღე გავიდა და ახლაც წარმოუდგენელი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ერთია როცა ეკრანიდან ხედავ იმ საოცრებებს რასაც დემნა აკეთებს და მეორეა, როცა ამ ყველაფერს ლაივში უყურებ.  ძალიან რთულია სიტყვებით გადმოვცე ის ემოციები, რაც შოუს ნახვისას განვიცადე. მუსიკა, კოლექცია, გარემო - ყველაფერი მაღალ დონეზე იყო შესრულებული". 

 

მისი თქმით, დემნა გვასალია ძალიან უბრალო ადამიანია და ქართულად მშვენივრად საუბრობს. 

„შეხვდე ისეთ ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანს როგორიც დემნაა - ეს მართლაც ძალიან დიდი ბედნიერებაა. მახსოვს როცა დამინახა ეგრევე მოვიდა, ჩამეხუტა და ქართულად დავიწყეთ საუბარი. მართალია, გარშემო არავის ესმოდა რას ვლაპარაკობდით, მაგრამ ყველა ყურადღებით გვისმენდა. ყოველთვის მინდოდა პირადად მენახა და მადლობა გადამეხადა იმ საქმისთვის, რასაც ის აკეთებს. დემნას გამოჩენამდე ძალიან ბევრი უცხოელისთვის რომ გეკითხათ საქართველოზე პირველი აშშ-ს შტატი გაახსენდებოდათ, ახლა კი მისი დამსახურებით , ყველამ იცის, რომ საქართველო ის ქვეყანა, სადაც დემნა გვასალია დაიბადა",- გვიყვება საბა. 

Demnagram-ის შექმნის იდეა პირველად 2018 წელს გაუჩნდა. ამ ჟესტით საბა ბახიას უნდოდა ქართველი დიზაინერის მიმართ მადლიერება გამოეხატა იმ საქმისთვის, რასაც დემნა გვასალია აკეთებს. 

 „Demnagram-ის შექმნის იდეა სპონტანურად გაჩნდა. როგორც მახსოვს ეს 2018 წელს იყო. დემნასთან მანამდეც მქონდა კომუნიკაცია.  სოციალური პლატფორმის შექმნით მინდოდა მისთვის მადლობა გადამეხადა იმ საქმისთვის, რასაც დემნა აკეთებს. 

 ის რასაც დემნა Balenciaga-ში აკეთებს და რაც მანამდე „ვეტმანში" გააკეთა მართლაც შესანიშნავია.  ჩემთვის და არამარტო ჩემთვის არსებობს მოდა დემნამდე და დემნას შემდეგ. დემნამ სრულად შეცვალა ჩემი ხედვა მოდის სამყაროს მიმართ. დემნას ყველა ჩვენება ხელოვნების ნიმუშია. ძალიან ვამაყობ რომ დემნა ქართველია ისევე როგორც მე. პირველი ქართველი, რომელმაც მოდის სფეროში ამხელა წარმატებას მიაღწია. ეს მე მოტივაციას მაძლევს იმისას, რომ მომავალში მეც მასავით წარმატებული ვიყო. ის ნამდვილი გენიოსია და ამას ყოველ ჯერზე ამტკიცებს",-ამბობს საბა. 

შეგახსენებთ, რომ Demnagram – ეს არის პლატფორმა, რომელიც ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, ყოველდღიურად გვთავაზობს სიახლეებს და ინფორმაციას ბალენსიაგას ქართველი კრეატიული დირექტორის შესახებ.

საბა ბახია ახლა განათლებას ეკონომიკის მიმართულებით იღებს და პარალელურად ბუღალტრის ასისტენად მუშაობს. მომავალში კი აპირებს სწავლა მოდის მარკეტინგის მიმართულებით განაგრძოს:

 „დიზაინერობა ჩემი არ არის. შესაბამისად ამაში დემნას კვალს ვერ გავყვები. თუმცა, სამომავლოდ მინდა მოდის მარკეტინგი და კომუნიკაციები შევისწავლო".