1736627557
ფილმის „მარტო სახლში“ ცნობილი სახლი გაიყიდა
საკულტო საახალწლო ფილმის „მარტო სახლში“ სახლი, რომელიც ილინოისის შტატში მდებარეობს, 5,5 მილიონ დოლარად გაიყიდა. ინფორმაციას TMZ-ი ავრცელებს.
სახლი ტიმ და ტრიშა ჯონსონებს ეკუთვნოდა. 2024 წლის მაისში მათ სახლი გასაყიდად გამოიტანეს და წელიწადზე ნაკლები დრო დასჭირდათ იმისთვის, რომ მყიდველი ეპოვათ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯონსონებმა ეს სახლი 2012 წელს 1,5 მილიონ დოლარად იყიდეს. ჯონსონებმა სახლი გაადიდეს და რემონტიც გააკეთეს, თუმცა ყველა ის დეტალი, რაც ფილმშია მოხვედრილი დაცული და შენახულია.
სახლი შედგება ხუთი საძინებლისგან, ექვსი აბაზანისგან, კინოთეატრისგან და სპორტული მოედნისგან.
ცნობისთვის, ფილმის მთავარი გმირის შემსრულებელმა მაკოლეი კალკინმა დეკემბერში განაცხადა, რომ სურს ამ სახლის ყიდვა. ის აპირებდა იქ გასართობი ცენტრის გახსნას, სადაც დამთვალიერებლები შეძლებდნენ, მაგალითად, კიბეებზე ციგით ჩამოსრიალებას, როგორც ამას ფილმში სახლში მარტო დარჩენილი კევინი აკეთებს, თუმცა შემდეგ მან სახლის ყიდვა გადაიფიქრა.