FDA-იმ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული წამალი დაამტკიცა, რომლის ღირებულება 3,5 მილიონი დოლარია

წამლები

აშშ-ს სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) ცოტა ხნის წინ ახალი პრეპარატი Hemgenix დაამტკიცა, რომელიც გამოიყენება B ჰემოფილიის, სისხლის შედედების დარღვევის მქონე პაციენტებისთვის. ვინაიდან დაავადება იშვიათია, მას პაციენტთა მცირე ჯგუფზე გამოიყენებენ. მიუხედავად ამისა, პრეპარატი საყურადღებოა, განსაკუთრებით მისი მაღალი ფასის გამო. მისი ფასი 3,5 მილიონი დოლარია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ჰემოფილია B გენეტიკური მდგომარეობა, რომელიც კაცებში უფრო ხშირია ვიდრე ქალებში. ეს ის შემთხვევაა, რა დროსაც პაციენტის სხეული არ გამოიმუშავებს კონკრეტული ცილის (Factor IX) საკმარის რაოდენობას. ეს ცილა შედედებასთანაა დაკავშირებული, რომელიც საჭიროა სისხლდენის შესაჩერებლად ტრავმის შემთხვევაში.

ვინაიდან ჰემოფილიით დაავადებულებს სისხლის შედედების მხრივ პრობლემები აქვთ, დაზიანებისას მათ გახანგრძლივებული სისხლდენა ემუქრებათ. მთლიანობაში, ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს სახსრებზე, შინაგან ორგანოებსა და ტვინზე, ნათქვამია FDA დოკუმენტში.

ჰემგენიქსამდე, ყველაზე ძვირად ღირებული მედიკამენტი ზურგის კუნთოვანი ატროფიის იშვიათი დაავადების სამკურნალო პრეპარატი იყო.