Exclusive: „პრაიმჰაუსის" დატოვების შემდეგ ლაშა მაზანაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს - „მაზანას" გეგმები უკვე აქვს და შეთავაზებებიც მიიღო

ლაშა მაზანაშვილი

რეალითი შოუს "პრაიმჰაუსის" უკვე ყოფილი და ერთ-ერთი ძლიერი მონაწილე ლაშა მაზანაშვილი მაყურებელმა შესაძლოა, მალე სატელევიზიო ეკრანზე იხილოს. რაც პროექტს გამოეთიშა, მართალია, ჯერ 24 საათიც არ გასულა და უკვე როგორც თავად "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობს, საკმაოდ ბევრი შეთავაზება მიიღო - მათ შორის ტელევიზიებში მუშაობაზე. 

"მაზანა" პროექტს აფასებს და ამბობს, რომ "პრაიმჰაუსში" დარჩენილი მონაწილეებისგან პირველ რიგში, მდედრობითი სქესის წარმომადგენელს გულშემატკივრობს, შემდეგ კი - ბიჭს, ის არ აკონკრეტებს ვისი გამარჯვება სურს, თუმცა არ მალავს, რომ მისთვის გამარჯვებულის რანგში გიორგი ნაზღაიძე არ მოიაზრება.  

"მაზანას" გულშემატკივრებმა "პრაიმჰაუსში" მისი დაბრუნების მიზნით პეტიციაც შექმნეს.

"ძალიან მიხარია, რომ უამრავი ადამიანი მგულშემატკივრობს და სურთ, პროექტში დავბრუნდე. ვგრძნობდი ადამიანების მხარდაჭერას, მეგონა კიდეც, რომ ხმების უმრავლესობას მე მივიღებდი და გავიმარჯვებდი. ბევრმა შემატყობინა, რომ ჩემი მხარდამჭერები ზარებს ვერ აფიქსირებდნენ და ხმას ვერ მაძლევდნენ, ალბათ ამან განაპირობა პროექტიდან ჩემი გათიშვა. ალბათ, ამის ბრალიცაა. 

- გიორგი ნაზღაიძის გულშემატკივრებიც ამბობენ, რომ ძალიან უჭირდათ ზარის დაფიქსირება...

- არ ვიცი, ალბათ ჩემთან უფრო მეტი შემთხვევა იყო ასეთი...

- სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა გიორგი ნაზღაიძის ფოტო, რომელზეც თქვენი ნომერი იყო მითითებული - ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- მე ეს გუშინ გავიგე. შესაძლოა, რა თქმა უნდა,  მე ყველა ჩემს გულშემატკივარს ვერ გავაკონტროლებ, შეიძლება იმდენად სურდა ვიღაცას გიორგის პროექტიდან წასვლა, რომ ასეთი რამ გააკეთა. მე ნამდვილად არ გამიკეთებია, მსგავსს ნამდვილად არ ვიკადრებდი. ჩვენი ფანების შეჯიბრი იყო. ისე კი, გავოცდი, 100 წელი ვერ მოვიფიქრებდი მე პირადად... ახლა, ყველას მოვუწოდებ, რომ ასე აღარ მოიქცნენ.

 

- დღეს ქალაქში გახვედით? როგორი იყო თქვენთვის აქამდე უცნობი ადამიანების რეაქცია "მაზანას" დანახვაზე?

- კი, დღეს გავედი. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე საოცარი რამ ხდებოდა - სიტყვებით ამის გადმოცემა ძნელია. მანქანებიდანაც მესალმებოდნენ, შემხვედრთა 95 პროცენტს დადებითი განწყობა აქვს ჩემს მიმართ და მე ეს ძალიან მახარებს. პოპულარობა სასიამოვნოა.

- პროექტში ვის გულშემატკივრობთ, ვინაა განსაკუთრებული "პრაიმჰაუსელი?"

- ახლა, პირველ რიგში ჩემს თავს ვგულშემატკივრობ, რომ პროექტში დავბრუნდე. თუ ასე არ მოხდა, მაშინ... მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ მდედრობითი სქესის წარმომადგენელია. თუმცა, მის შემდეგ ვისი გამარჯვებაც გამიხარდებოდა ბიჭია და ის გიორგი ნაზღაიძე ნამდვილად არ არის.

- რას აპირებთ, სად ნახავს "მაზანას" გულშემატკივარი?

- გავაგრძელებ ჩემს ცხოვრებას და შევეცდები, განვავითარო ის შესაძლებლობები, რაც "პრაიმჰაუსმა" მომცა. შესაძლოა, ტელევიზიაში წავიდე, ან რაიმე საინტერესო პლატფორმა შეიქმნას და იქ მიხილოთ. შეთავაზებები ამ კუთხით უკვე მივიღე, უბრალოდ კონკრეტულად ამაზე ჯერ ვერ ვისაუბრებ.