ეგრევე ვიცანი ის ადამიანი, ვინც ბარში კისერში მწვდა - რას ყვება გიორგი მასხულია ცემასთან დაკავშირებით

მასხულია

რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთ ბარში დიზაინერ გიორგი მასხულიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. მომხდარიდან მალევე მან ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ამაში ხელი ტელეწამყვან ლევან კვარაცხელიას, იგივე რობერტო მავანს ერია.

ჟურნალ „თბილისელებთან“ დიზაინერი მომხდარს იხსენებს. ჰყვება, რომ დაკავებული სამი ადამიანიდან მხოლოდ 1 ამოიცნო, თუმცა, სხვა დროს მათ არ შეხვედრია.

„ეგრევე ვიცანი ის ადამიანი, ვინც ბარში კისერში მწვდა, ის ორი ვერ ვიცანი და დაცვის საშუალებით გაარკვიეს. ჩემთვის სამივე პიროვნება, რომელიც თავს დამესხა უცნობია. არ ვიცი, რა უნდოდათ, რას მერჩოდნენ. ამოცნობაზე მათ სახეებს რომ შევხედე, შემეცოდნენ. თუმცა, ჩემი შვილიც რომ იყოს მოძალადე, სათანადოდ უნდა დაისაჯოს. ამის მომხრე ვარ! როგორც ვიცი, საქმე 126-ე მუხლით არის აღძრული – ჯგუფური ძალადობა, თავდასხმა. იმდენი სიკეთე და საქველმოქმედო კონცერტი მაქვს ჩატარებული, არ ვიცი, რას მერჩიან. ვფიქრობ, ღმერთმა გადამარჩინა, თორემ სამივე სიკვდილისთვის გამიმეტებდა. როგორ შეიძლება, ადამიანი ასე გაიმეტო.

ორი დღით ადრე, მავანმა გააკეთა ჩემზე სიუჟეტი, სადაც ამბობს, რომ გიორგი მასხულია ან უნდა გავძუყნო ცემაში ან უნდა ვუჩივლოო. ეს ფაქტი დაემთხვა და სავარაუდოდ, იმ სამმა ადამიანმა ეს გამოიყენა. მავანი ხუთი წელია, სიუჟეტებს აკეთებს ჩემზე და მაბულინგებს. სწორედ მას შემდეგ გაღიზიანდნენ ადამიანები, დაიწყო ჩემზე ბულინგი და აგრესია. როცა ადამიანი ახლოდან არ გიცნობს და სიუჟეტს უყურებს შენზე, ზუსტად ისეთი ჰგონიხარ, ღიზიანდება და აგრესია ეწყება. ხუთი წელია, ეს ადამიანი ვერ მოვიშორე. მას რომ არ გაეკეთებინა ეს მაბულინგებელი სიუჟეტები, ამ პრობლემის წინაშე არ ვიდგებოდი“, - იხსენებს მასხულია.