„დარწმუნებული ვიყავი, რომ დაბრუნდებოდნენ“ - მამულიჩა ფეისბუქიდან „დაკარგულ“ ფოლოვერებზე

lela

მარკ ცუკერბერგმა დიდი აუდიტორიის მქონე ფეისბუქმომხმარებლები და ე.წ. ინფლუენსერები ცოტა ანერვიულა. რამდენიმე საათის მანძილზე, აქტიურ აუდიტორიას, რამდენიმე ათასი გამომწერი დროებით დაუმალა. გამომწერების მრგვალი რიცხვები, ცხრა ათასამდე შეუმცირდათ. ბუნებრივია, ერსა თუ ბერში, წამოვიდა პოსტების სეტყვა, ეს რა არის, რა გვიქნა "ცუკერამო."

„დაახლოებით 33 000 ფეისბუქგამომწერი დავკარგე ამ დილით, ან ავლილი ან ჩავლილი თუ ნახეთ, გამაგებინეთ" - წერს არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი. 

დათო გორგილაძე ხუმრობდა - "ახლა ვხვდები, რას გრძნობდა ბებიაჩემი, როცა სალაროში ბევრი ფული გაუფუჭდაო." მწერალი და ტელეწამყვანი სესილია თაყაიშვილის ხელებგაწვდილ ფოტოსაც აქვეყნებს "ნატვრის ხის" საფინალო კადრიდან, ასე გამოიყურებიან ახლა ქართველი ინფლუენსერებიო.

დათო ქაცარავას ცოლი, სოფია ხაჭაპურიძე კი წერს, ვიღაცებს პირიქით მიუმატა 5 ათასი გამომწერი და რობინ ჰუდია, ეგ ჩემისა, მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევსო.)))

მოვიკითხე დიდი ფოლოვერების გვერდების მქონე მამულიჩა, რომელმაც "პრაიმტაიმს" უთხრა, რომ ლელას ოფიციალურ გვერდს ფეისბუქმა 40 000 გამომწერი მოაჭრა.   

კახა მამულაშვილი: დაბრუნდნენ ფოლოვერები. მე მგონი, ხალხი ანერვიულა ცოტა. ვიფიქრე, ტროლები და ბოტები გააქრო-მეთქი და სადღაც გამიხარდა კიდეც.  300 ათასამდე მიმდევარი გვყავს ფეისბუქზე და 70 ათასზე მეტი - ინსტაგრამზე. 

დედას ვფიცავარ, საერთოდ თუ მენერვიულოს?! იუმორში გადავატარე. ხუთის წუთის წინ, სანამ დამირეკავდი, შევიხედე და ისევ ადგილზეა ყველა. 

დარწმუნებული ვიყავი, რომ დაბრუნდებოდნენ, ლელას გვერდზე 300 ათასზე მეტია და იქ არ ყოფილა ცვლილება. ოფიციალურ გვერდებზე გაქრნენ გამომწერები.

ნატო დუმბაძესთან 5 ათასი ფოლოვერი გაქრა. გიორგი ფხაკაძე წერს - ჩემთან 101 ათასი ფოლოვერიდან 10 ათასი დარჩაო. პეტრე კოლხი კი გვეუბნება, რომ მას არც ერთი გამომწერი არ ჩამოეჭრა.