პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
რამდენიმე დღის წინ მარკუს მეტრეველს დაბადების დღე ჰქონდა, რომელიც საკუთარ კლიპზე მუშაობას დაუთმო. როგორია მისი დაბადების დღეები, რამდენად უყვარს ეს დღე და რას ნიშნავს მისთვის ლამაზად გაზრდა, ამაზე „თბილისელებთან“ თავად საუბრობს.
გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
„წელს გადავწყვიტე, ამ დღისთვის, ანუ, 28 მარტისთვის, ჩემი ახალი ვიდეოკლიპის გადაღება დამემთხვია. ეს ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა. გადაღება დავით გარეჯის უდაბნოში მიმდინარეობდა. ახლაც კი თვალწინ მიდგას ის საოცარი ხედები. მსმენელი ჩემს ახალ ნამუშევარს აპრილში იხილავს. სიმღერის სახელწოდებაა „ჩემი ფიქრი, ჩემი დარდი“, რომელიც არაჩვეულებრივმა კომპოზიტორმა ნატო ღოღობერიძემ დამიწერა. ტექსტი ეკუთვნის მას და ნანა ცინცაძეს. ჩაწერილია „ბრავო რექორდსში“. არანჟირება ბორიკო შხიანმა გააკეთა, მასტერინგი – ალეკო ბერძენიშვილმა. ბექებს მაიკო კაჭკაჭიშვილი მილამაზებს. ახლა მიმდინარეობს ვიდეოკლიპის გადაღებები. კლიპმეიკერი სანდრო ნადირაძე გახლავთ. ქართული სამოსისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ნუგზარ კვანტალიანს და ასევე, დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს, დალი ხაბულიანს, ყველაფრისთვის.
– ველოდებით ახალ ნამუშევარს. ახლა დავუბრუნდეთ ისევ დაბადების დღეს. ზოგადად, როგორ ატარებ ხოლმე ამ დღეს?
– ყოველ დაბადების დღეზე ვირჩევ, რომ დრო საკუთარ თავთან გავატარო. ამ დღეს, ყოველთვის მივდივარ ჩემთვის გამორჩეულად საყვარელ ტაძარში და ვლოცულობ. მადლობას ვუხდი ღმერთს, რომ კიდევ ერთი წელი მოიყვანა ჩემს ცხოვრებაში. მთელ დღეს მშვიდად, ლოცვებსა და ფიქრებში ვატარებ. საკუთარ თავთან მარტო ყოფნა გეხმარება იმის გაცნობიერებაში, თუ ვინ ხარ, რა ხარ და როგორ უნდა გასხივოსნდე.
ბავშვობაში ყველაფერი სხვანაირად იყო. ჩემი დაბადების დღე ძალიან ბევრ ხალხთან ასოცირდებოდა. მშობლები ყოველთვის უამრავ სტუმარს პატიჟებდნენ. სხვათა შორის, ეს ჩემთვის ძალიან დიდი დისკომფორტი იყო. არასდროს მსიამოვნებდა ხალხმრავლობა, თან ჩვენი სტუმრები ჩემზე დიდები, ძირითადად, უფროსები იყვნენ. უფროსები ქეიფობდნენ, პატარები კი ცალკე ვისხედით პატარა მაგიდასთან და მათ გართობას ვუყურებდით (იცინის). როგორც ხდებოდა ხოლმე მაშინ. მიხარია, რომ ეს ტრადიცია შეიცვალა და პატარებს ახლა აქვთ იმის საშუალება, რომ საკუთარ დაბადების დღეზე ისე გაერთონ, როგორც თავად სურთ.
რაც წამოვიზარდე, მას შემდეგ დაბადების დღეების გადახდითა და სუფრებით არ გამოვირჩევი. ეს ყველაფერი ძალიან არ მომწონს. მირჩევნია, ეს დღე მდუმარებაში გავატარო. ეს მდგომარეობა ძალიან მომწონს. საერთოდ, დროს ყველაზე კარგად საკუთარ თავთან ვატარებ. გრანდიოზული ფართის მოწყობის სურვილი არასდროს მქონია, ემოციურადაც არ ვარ მზად ამისთვის, რადგან თითოეულ სტუმარს ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება. ალბათ, ოდესმე ამისთვისაც მოვემზადები და ერთხელ აუცილებლად გავაკეთებ გრანდიოზულ დაბადების დღეს. თუმცა, გრანდიოზულობა ხალხის რაოდენობაში არ გამოიხატება, გრანდიოზულია ყოველი დღე, რომელიც გვითენდება და გვიღამდება.
– გამორჩეულად რომელი დაბადების დღე გახსენდება?
– გამორჩეულად მახსენდება 2000 წელი. მაშინ პირველად ჩავედი მაროკოში და იქ შევხვდი ჩემს დაბადების დღეს. ასევე, საბერძნეთში, კუნძულებზე გატარებული დაბადების დღეები. მოზარდის ასაკში, ჩემს თავს მოზარდად ვთვლი (იცინის), შეიძლება, ითქვას, რომ განსაკუთრებით ემოციური იყო რამდენიმე წლის წინანდელი დაბადების დღე, რომელიც უდაბნოში გავატარე. ყველაზე ბედნიერი კი ვიყავი დაბადების დღეზე, როდესაც ბებიამ სიურპრიზი გამიკეთა და მანქანა მაჩუქა. ეს იყო ჩემი პირველი მანქანა. აივნიდან გადამახედა და ამ დროს ჩემმა ძმამ აივნის დაბლა ავტომობილი მომიყენა. ის დღე და ემოციები განსაკუთრებულად დამამახსოვრდა.
– არის რამე განვლილ წლებში, რასაც სინანული უკავშირდება?
– განვლილმა წლებმა ძალიან ბევრი რამ მასწავლა, საოცრად გამზარდა. როდესაც წარსულს ვიხსენებ, არასდროს ვარ უკმაყოფილო. არის რაღაცები, რასაც გამოვასწორებდი, რაღაც პრობლემებს ავირიდებდი თავიდან, მაგრამ მგონი, ისიც იმიტომ მოხდა, რომ შეცდომებისგან მესწავლა და სწორ გზაზე დავმდგარიყავი. ძალიან ბევრი მედიტაცია და ლოცვა მეხმარება პრობლემების გადალახვაში და მერე, ახალი მარკო ფენიქსივით ხელახლა იბადება და ჩვილი ბავშვივით თავიდან ვიწყებ ნაბიჯების გადადგმას.
– და ბოლოს, ასაკის მატებას როგორ ხვდები?
– ასაკის მატებასთან დაკავშირებით, ბანალურად ვიტყვი, რომ ეს ჩემთვის მხოლოდ ციფრებია. ასაკი რაც უფრო მემატება, მით უფრო კარგ ფორმაში ვარ, მით უფრო კარგად ვაზროვნებ, მით უფრო კარგი ურთიერთობები მაქვს სოციუმთან, უკეთ ვმღერი და ყველაფერი უმჯობესდება, ღმერთის წყალობით. ასაკის მატების გამო არანაირი პრობლემა არ შემქმნია, ამიტომ მხოლოდ მოხარული ვარ. ასე ვიტყვი – მე ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები. ჩემთვის სიბერე არ არსებობს. 24 საათი ვცდილობ, განვვითარდე, ვივარჯიშო და ვიკვებო სწორად, ვილოცო, მედიტაცია ჩავიტარო. არავითარ შემთხვევაში არ ვფიქრობ და არც ვიფიქრებ დაბერებაზე. მომავალი მიყვარს, ემოციურად რაც უფრო ვუახლოვდები წლებს, როცა ჩემი სულიერი მდგომარეობა მარადისობისკენ უნდა გადავიდეს, მით უფრო მოხარული ვარ. ეს გარდასვლა ძალიან საინტერესოა და როცა შინაგან ჰარმონიას გრძნობ, ეს მარტივია. ღმერთმა ქნას, ყველა ადამიანი ლამაზად გაიზარდოს და არ დაბერდეს.