„ჩემი ტვინის საკმაოდ დიდი ნაწილი აღარ არსებობს... დადიხარ და იცი, რომ საკუთარმა სხეულმა გიღალატა...“ - ემილია კლარკის მძიმე ბრძოლა სიცოცხლისთვის

ემილია კლარკი

ემილია კლარკი საჯაროდ საუბრობს იმ მძიმე პერიოდზე, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავმა პოდკასტში How to Fail ემოციურად გაიხსენა ტვინის მრავლობითი ანევრიზმა, გადატანილი ურთულესი ოპერაციები და შიში, რომელიც სიკვდილთან პირისპირ შეხვედრამ გამოიწვია.

მსახიობს პირველი ანევრიზმა 2011 წელს, სერიალის გადაღებების დაწყების პერიოდში დაუდგინდა. მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ ინსულტი განუვითარდა და სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. მეორე ანევრიზმა კი 2013 წელს აღმოაჩნდა და, როგორც თავად ამბობს, ამჯერად ყველაფერი გაცილებით რთულად დასრულდა — „წარუმატებელი ოპერაციითა“ და მასშტაბური სისხლჩაქცევით.

„ეს გარესამყაროს სრულად გწყვეტს… დადიხარ და იცი, რომ საკუთარმა სხეულმა გიღალატა. შენმა გონებამ გიღალატა. იმ რაღაცამ გიღალატა, რაც შენი პიროვნების საყრდენს წარმოადგენს,“- ამბობს ემილია კლარკი.

მისი თქმით, მძიმე ოპერაციების შემდეგ იმდენად იყო შეშინებული, რომ მუდმივად ეგონა, ყველაფერი თავიდან განმეორდებოდა. ზოგჯერ უბრალო თავის ტკივილიც კი პანიკაში აგდებდა.

მიუხედავად ყველაფრისა, მსახიობმა მუშაობა არ შეწყვიტა. ერთ-ერთ ინტერვიუმდე საკუთარ პიარ-მენეჯერს უთხრა, რომ „კვდებოდა“, თუმცა გადაღებაზე მაინც წავიდა.

„გზის გაგრძელების გარდა სხვა საშუალება არ არსებობდა,“- იხსენებს ის.

კლარკმა მოგვიანებით დააარსა საქველმოქმედო ფონდი SameYou, რომელიც ტვინის დაზიანების შემდეგ რეაბილიტაციის პროცესში მყოფ ადამიანებს ეხმარება.

მსახიობი ამბობს, რომ დღეს ყველაზე მეტად ის უკვირს, როგორ შეძლო გადარჩენა და ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება.

„ჩემი ტვინის საკმაოდ დიდი ნაწილი აღარ არსებობს, მაგრამ მაინც ვსაუბრობ, ვმუშაობ და სრულფასოვნად ვცხოვრობ. ეს ნამდვილად საოცრებაა,“ — განაცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

ემილია კლარკი დღეს საკუთარ ისტორიას იმ ადამიანების გასამხნევებლად ჰყვება, რომლებიც მძიმე დიაგნოზთან ბრძოლას აგრძელებენ.