1732386875
ბოტოქსი თუ ფილერი - ზაზა თელიას რჩევები
სახის ფორმის შესაცვლელად როგორც ქალები, ასევე - მამაკაცები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა სახის ინიექციურ პროცედურას, მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის ფილერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია სახის მოდელირება ქირურგიული ჩარევის გარეშე - ცხვირის, ან ნიკაპის ფორმის კორექცია, ტუჩის მოცულობის ზრდა, ყვრიმალის კორექცია და ა.შ.
არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფილერის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლებელია, სავალალო შედეგები გამოიწვიოს, მათ შორის არის მხედველობის დაქვეითება.
როგორც დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია განმარტავს, ნებისმიერი სახის ფილერის გამოყენების შემთხვევაში, პაციენტს აქვს დროებითი შედეგი.
ამასთან, ექიმი პაციენტებს ურჩევს, რომ თუ მათ სახეზე აღენიშნებათ მწვავე კანის დაავადება, თავი შეიკავონ ინიექციის ჩატარებისგან.
„როგორც წესი, გამოიყენება ჰიალურონის მჟავა. ნებისმიერი ფილერი, რასაც იყენებენ, ყველა არის დროებითი შედეგი მომცემი -მუდმივი ფილერი არ არსებობს. ინიექციამდე უნდა იქნას პაციენტი გამოკითხული: იმყოფება თუ არა მედიკამენტურ მკურნალობაზე, იმიტომ, რომ გარკვეული პრეპარატების მიღების პერიოდში ფილერის გაკეთება რეკომენდებული არ არის.
ასევე, არ არის რეკომენდებული გარუჯულ კანზე ფილერი გაკეთება. ამასთან, თუ პაციენტს აქვს აქტიური, მწვავე კანის დაავადება, არც ამ შემთხვევაში არის რეკომენდებული ფილერის გაკეთება. ფილერის გაკეთების შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ პაციენტი მიდის გარკვეული სახის რისკზე, რა თქმა უნდა, იშვიათია ფილერის გამოყენების შემთხვევაში გვერდითი ეფექტების განვითარება, თუმცა არსებობს მინიმალური რისკები, რომ ფილერის გამოყენების შემდგომ განვითარდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები, ასეთი პაციენტები, სამწუხაროდ, არსებობენ. ამიტომ, ყოველთვის უნდა იქნას გათვალისწინებული რისკ-სარგებელი. რისკ- სარგებლის შეფასება უნდა მოხდეს, ახსნილი უნდა იქნას პაციენტისთვის, თუ რა რისკებს შეიცავს ფილერის გაკეთება. თუმცა, დღეის მონაცემებით, ე.წ ყველაზე უსაფრთხო მეთოდად რჩება ბოტულინოოტოქსინის გამოყენება, ანუ ე.წ. ბოტოქსის - თუ ჩვენ შევადარებთ, ბოტოქსის გამოყენება უფრო მეტად უსაფრთხოა ვიდრე ფილერის,"-აცხადებს ზაზა თელია.
ექიმის თქმით, ფილერის გამოყენება ყველაზე მეტად საშიში T-ზონაში არის, ხოლო თვალის სისხლძარღვში მოხვედრისას კი მან, შესაძლოა, გამოიწვიოს მხედველობის დაქვეითება.
"ლიტერატურას თუ გადავხედავთ, ფილერს პირდაპირ უწერია, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს, უკიდურეს შემთხვევაში, სიბრმავეც კი, თუ იგი თვალის სისხლძარღვში იქნა მოხვედრილი. ზუსტად ეს T-ზონა ზონა არის ყველაზე რთული და საშიში ადგილი- ცხვირი, პირის გარშემო ზონა და ყვრიმალების ზონა- ეს არის ის ადგილები, რომლებიც არის ინიექციისთვის ყველაზე საშიში,"-განაცხადა ზაზა თელიამ.
ცნობისთვის: ბოტოქსის გამოყენება 1980 წლიდან დაიწყო და ის ნევროლოგიასა და ოფთალმოლოგიაში გამოიყენებოდა. ამ პრეპარატის გამაახალგაზრდავებელი თვისება კი შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა მკურნალობის პროცესში ბოტოქსის უნიკალური გვერდითი ეფექტი გამოვლინდა - პაციენტებს აღენიშნებოდათ ნაოჭების გასწორება თვალის გარშემო და შუბლისა და ტუჩის მიდამოში. მალევე ამ პრეპარატის უნიკალური თვისებით კოსმეტოლოგები დაინტერესდნენ. დროთა განმავლობაში ბოტოქსის გამოყენების მეთოდები დაიხვეწა და მისი გამოყენება თანამედროვე ესთეტიკური მედიცინის განუყრელ ნაწილად იქცა.
ამასთან, ფილერი ნატურალური ჰიალურონის მჟავის შემცველი შემავსებელი პრეპარატია. გარდა შემავსებლის ფუნქციისა, ჰიალურონის მჟავა იწვევს წყლის შეკავებას და კოლაგენის გამომუშავების გააქტიურებას, შესაბამისად, კანი დროთა განმავლობაში ხდება უფრო ტენიანი და ელასტიკური, ხოლო პრეპარატის გაწოვის შემდეგ ნაკლები ინტენსივობის ნაოჭი რჩება.