1733258119
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილსა და მის ოჯახს დავეხმაროთ - „კოპენჰაგენის“ მწვრთნელი
„კოპენჰაგენი“ გვერდში დაუდგა გიორგი გოჩოლეიშვილს, რომელიც შვილის ავადმყოფობის მიუხედავად, ბოლო ტურში „სილკებორგთან“ მოედანზე გავიდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს – ამის შესახებ დანიური გამოცემა bt-ი წერს.
„კოპენჰაგენის“ მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი და მისი ოჯახი ამჟამად რთულ მდგომარეობაში არიან. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველი ფეხბურთელის პატარა ვაჟი ავადაა, საავადმყოფოში მოათავსეს და მას წამყვანი სპეციალისტები მკურნალობენ.
ამის მიუხედავად, 23 წლის ფეხბურთელმა გამოაცხადა, რომ მზად იყო ეთამაშა „კოპენჰაგენში“ და „სილკებორგთან“ (2:2) მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენის“ ფანებმაც გაამხნევეს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, იაკობ ნეესტრუპმა თქვა, რომ ამ რთულ ვითარებაში გიორგის ყველანაირად მხარს უჭერენ.
„გიორგი შესანიშნავი ფეხბურთელი და ძალიან კარგი პიროვნებაა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მას და მის ოჯახს დავეხმაროთ, რომლებიც რთულ ვითარებაში არიან“, – განაცხადა „კოპენჰაგენის“ ნეესტრუპმა.
ქართველ ლეგიონერი თანაგუნდელებმა და გულშემატკივრებმაც გაამხნევეს, ფანებმა სტადიონზე მის მხარდასაჭერად ბანერიც გამოფინეს – „გიორგი, ყველაფერი კარგად იქნება, გამაგრდი“.
თომას დელანი („კოპენჰაგენისა“ და დანიის ნაკრების ნახევარმცველი) – „გიორგის რთული პერიოდი აქვს და ჩვენ მის გვერდით ვართ. დანიაში კარგი ექიმები გვყავს და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გოჩოლეიშვილი მაღალი დონის მარჯვენა მცველია, გაბედულად თამაშობს და დარწუნებული ვარ, მომავალში მისი სახით დიდი მოთამაშე გვეყოლება“.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი „კოპენჰაგენში“ მიმდინარე სეზონში დონეცკის „შახტარიდან“ იჯარით გადავიდა.