ყოველთვის მჯეროდა, რომ გავხდებოდი მსოფლიო ჩემპიონი, ეს იყო ჩემი უდიდესი სურვილი - გენო პეტრიაშვილი განვლილ გზას იხსენებს

გენო

ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტიაშვილი, ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩემპიონები" იმ გზას იხსენებს, რომელმაც წარმატებამდე მიიყვანა.

როგორც სპორტსმენი აღნიშნავს, გამარჯვებამდე იყო ბევრი დამარცხებაც, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაფერი ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვებით დასრულდა.

"ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შემდეგ მენტალურად რთულად გადასაგორებელი მარცხი მომიწია, რის შემდეგაც სამი წლის განმავლობაში ვერ შევძელი ისევ იმ სიმაღლეზე ასვლა, რაც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი ბრალი იყო.

საბოლოოდ, ბევრი ადამიანის დახმარებით, მაინც შევძელი და გადავლახეთ ის ფსიქოლოგიური ტრავმა, იმიტომ, რომ ყველას გვახსოვს საშინელი მომენტი იყო, როცა ბოლო წამებზე და წამის მეასედში დავმარცხდი. მადლობა ღმერთს, რომ შევძელი და ორო მაინც ავიღე, მაგრამ პარიზის ოლიმპიურ თამაშებამდე ორი მსოფლიოს ფინალი დავთმე და ერთი მესამე ადგილი ავიღე – ნახევარფინალი. ვფიქრობ, აქედან ორი მაინც უნდა მომეგო.

ალბათ, ვერ შევძელი ფოკუსირება იმ მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ევროპის ჩემპიონატებზე აღარაფერს ვამბობ... მთავარია, რომ შევძელით და პარიზში ოქრო მოვიგეთ", - ამბობს გენო პეტრიაშვილი.

გენო პეტრიაშვილის თქმით, ჩემპიონობაზე ყოველთვის ოცნებობდა და ამისთვის ბავშვობიდან ემზადებოდა.

"ჩემს ბავშვობაში აქტუალური იყო სპორტსმენობა. მამაჩემი, ცხონებული ბიძაჩემი, ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ შენ უნდა გახდე დიდი მოჭიდავე. მამაჩემი მიმეორებდა, რომ მსოფლიო ჩემპიონობა არის ძალიან დიდი მიღწევა. ხშირად უმეორეთ-ხოლმე თქვენს შვილებს, რომ მიუღწეველი არაფერია. ყოველთვის მჯეროდა, რომ გავხდებოდი მსოფლიო ჩემპიონი, ეს იყო ჩემი უდიდესი სურვილი - ჭიდაობაზე რომ დავიწყე სიარული იმ თავიდანვე მჯერა.

ოლიმპიური თამაშები გავიცანი მაშინ, როდესაც ზურა ზვიადაური გახდა ოლიმპიური ჩემპიონი. მაშინ მივხვდი, რომ მსოფლიოს ჩემპიონობაზე მაღლა კიდევ რაღაც არსებობს. ბავშვობიდან მქონდა მოტივაცია და სურვილი, რომ დიდი სპორტსმენი გავმხდარიყავი", - აღნიშნა გენო პეტრიაშვილმა ლაშა დვალიშვილის გადაცემაში "ჩემპიონები".

როგორ ოლიმპიური ჩემპიონი აღნიშნავს, სპორტსმენისთვის როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ გონებრივი შესაძლებლობებით იღებ შეჯიბრის დროს გადაწყვეტილებებს, რაც შემდგომ გამარჯვებაში გეხმარება.

"სპორტში ყველაზე მნიშვნელოვანია გონებრივი განვითარება. კონკრეტულ მომენტში რამდენად სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამავე დროს, სპორტულ ხასიათზე ძალიან მოქმედებს - საბრძოლო ხასიათს გაძლევს, მკვეთრ მომენტებში გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია და ა.შ", - აღნიშნავს გენო პეტრიშვილი ინტერვიუში.