VIDEO: ალყაშემორტყმული „ტარიელი“ და მომენტი როცა სპალეტიც ტირის - თვითმხილველის რეპორტაჟი ნეაპოლიდან

ხვიჩა კვარაცხელია

ფოტო აღებულია Khvicha Kvaratskhelia Fans-ის ფეისბუქ-გვერდიდან

წინა ტურში დედაქალაქელ "არწივებთან" დამარცხებამ სკეპტიკოსებს "იმედი" ჩაუსახა, რომ "ნაპოლის" დაცემა დაიწყებოდა. მაგრამ აი, კიდევ ერთი გამოცდა და... "სტადიო მარადონაზე" ვიხილეთ შესაშურად გუნდური გამარჯვება "ატალანტასთან" - 2:0. 

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს თებერვლის საუკეთესო ფებურთელად დასახელდა. თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ტრიბუნებზე შეკრებილთ გვამცნეს, რომ ალექს მერეტის ნაცვლად, კარში პიერ ლუიჯი გოლინი ჩადგებოდა, რომელიც ძირითადი მეკარის ღირსეული შეცვლელი გამოდგა.

აღმოჩნდა, რომ მატჩისწინა ვარჯიშისას ალექსს დაზიანებულმა მაჯამ შეახსენა თავი. ჯან პიერო გასპარინის "ატალანტასთან" თამაშის სირთულე ყველას მოეხსენება. სპალეტის შემტევ ხაზს, რომელსაც მატეო პოლიტანო და კვარაცხელია ფლანგებიდან, ხოლო ვიქტორ ოსიმენი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ქმნიდნენ, ბერგამოელთა თავკაცმა დუვან საპატა და რასმუს ჰოილუნდი დაუპირისპირა.

გასპერინის მთავარი ტაქტიკური ჩანაფიქრი დაცვაში ყურადღებით თამაშზე იყო გათვლილი. პირველ ნახევარში ნეაპოლელთა ნიგერიელ თავდამსხმელს თითქოს იღბალმა უმტყუნა. მისი ხელსაყრელი ეპიზოდები გოლად ვერ იქცა.

მუდმივად დაცვაში მყოფი "ატალანტას" კარის შტურმით აღებას მე-60 წუთზე ქართველი გარემარბი ითავებს - ოსიმენის გამჭოლი გადაცემა, კვარა საჯარიმოში შედის, მის წინ სამი მცველია, ცრუ მოძრაობა მარჯვნივ, მარცხნივ... უკან მეტოქის კიდევ ოთხი ფეხბურთელით ხვიჩა "ვეფხისტყაოსნის" ტარიელივით ალყაში ექცევა... ერთი ცრუ მოძრობაც და ძლიერი "გასროლა" - ხუან მუსო უძლურია!

ლუჩანო სპალეტი შეგირდის პატრიოტიზმით კმაყოფილია, მატჩის შემდეგ კი სიხარულის ცრემლებს ვერ იკავებს.

„ხვიჩას გოლს თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ - გოლი მარადონას სტილში! მისი თამაშის სიღრმე და მისი ტექნიკა, საოცრად ჰარმონიულია. როგორ კოხტად გადააქვს ბურთი მარჯვნიდან მარცხნივ და როგორ გასაოცრად აგვირგვინებს ეპიზოდს გოლით".

წყარო