„ჩვენი ურთიერთობა ისე არ დასრულდა, როგორც გვინდოდა...“ - ნუცა ბუზალაძე და დარენ პრინცი დაშორდნენ
1785431447
ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ფიფა-ს ყველა ტურნირს ბოიკოტს გამოუცხადებენ, თუ ჯანი ინფანტინო კვლავ განაგრძობს იმ ინიციატივის ლობირებას, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის წილების ამერიკული კერძო საინვესტიციო ფონდებისთვის მიყიდვას ითვალისწინებს.
„უეფა და მისი 55 წევრი ასოციაცია ერთსულოვანია. ჩვენ ერთხმად და კატეგორიულად უარვყოფთ ფიფა-ს წინადადებას მსოფლიო ჩემპიონატისა და სხვა ტურნირების წილების კერძო ინვესტორებისთვის გადაცემის თაობაზე.
დაუშვებელია მსოფლიო ჩემპიონატისადმი ისეთი დამოკიდებულება, როგორიც საინვესტიციო პროდუქტისადმი. ის ფეხბურთის ერთ-ერთი უდიდესი სპორტული მემკვიდრეობაა. მას თაობების განმავლობაში ქმნიდნენ ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრებები და გულშემატკივრები ყველა კონტინენტზე. მისი არცერთი ნაწილი არასდროს უნდა ჩაუვარდეს ხელში კერძო ინვესტორებს. მსოფლიო ჩემპიონატი არ იყიდება.
უპასუხისმგებლო და გაუმართლებელია ის ფაქტი, რომ ფეხბურთისთვის ასეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის წინადადება საიდუმლოდ მომზადდა და დამტკიცების ზღვრამდე ისე მივიდა, რომ არანაირი შინაარსობრივი კონსულტაცია არ გამართულა მათთან, ვისაც ამ თამაშის მართვა აქვს მინდობილი. ეს არა მხოლოდ ლიდერობის სერიოზული კრახია, არამედ ფიფა-ს, როგორც მსოფლიო ფეხბურთის მეურვის მიერ საკუთარ მოვალეობებზე უარის თქმაცაა.
მსოფლიოს ეროვნული ასოციაციები ახლა ულტიმატუმის წინაშე დგანან – ან შეეგუონ ფეხბურთის უდიდესი ტურნირების შეუქცევად მითვისებას, ან მზად იყვნენ შედეგებისთვის. ეს არ არის „დემოკრატიული გადაწყვეტილება“, ეს დაშინებით მართვაა – იძულების აქტი, რომელიც არ ეკადრება გლობალური ფეხბურთის მესაჭე ინსტიტუტს.
თუმცა ჩვენი წინააღმდეგობა ბევრად სცდება მხოლოდ პროცედურულ საკითხებს.
იმ წუთიდან, როცა გარე ინვესტორები ფიფა-ს ტურნირებში მფლობელის წილებს შეიძენენ, ფეხბურთი სამუდამოდ შეიცვლება. კომერციული მოგება მუდმივ ვალდებულებად იქცევა, ხოლო ინვესტორთა მოლოდინები – ყოველდღიურ წნეხად. ამ მომენტიდან მოყოლებული, საერთაშორისო კალენდართან თუ ტურნირების ფორმატთან დაკავშირებული ყოველი გადაწყვეტილება – ყველაფერი, რაც ფეხბურთის მომავალს აყალიბებს, ნაკარნახევი იქნება არა იმით, თუ რა არის უკეთესი თამაშისთვის, არამედ იმით, თუ რა არის უკეთესი აქციონერებისთვის.
ამ მოდელისთვის მსოფლიო ფეხბურთში ადგილი არ არის. ფეხბურთის მომავალს ვერ განაპირობებს იმათი მოლოდინები, ვისი უპირველესი მიზანიც ფინანსური სარგებლის მაქსიმიზაციაა. არც ეროვნული ასოციაციების, ლიგების, კლუბების, მოთამაშეებისა და გულშემატკივრების ინტერესები უნდა დაექვემდებაროს ინვესტორთა მოგებას. ფეხბურთი ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ საკუთარ მომავალს ვერ დააგირავებს.
ევროპის პოზიცია ნათელია. ჩვენ ამ მოდელს არასდროს მივანიჭებთ ლეგიტიმაციას. არავის აქვს მორალური უფლება, გაყიდოს ის, რაც მას მხოლოდ მომავალი თაობებისთვის შესანახად აქვს მინდობილი.
დღევანდელი დისკუსიის შედეგად გადაწყდა, რომ უეფა-ში შემავალი არცერთი ეროვნული ნაკრები აღარ მიიღებს მონაწილეობას ფიფა-ს ტურნირებში იქამდე, სანამ ეს წინადადებები ძალაში რჩება, თუკი აღნიშნული ინიციატივა სრულად არ გაუქმდება და არ გაიცემა მყარი გარანტიები, რომ ფიფა საკუთარ მმართველობას ან ტურნირებს კერძო მფლობელობაში აღარასდროს გადასცემს.
ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, უეფა და მისი ეროვნული ასოციაციები ამ გეგმებს აბსოლუტური სიმტკიცით დაუპირისპირდებიან.
არის მომენტები, როდესაც ინსტიტუტებს აფასებენ არა იმით, თუ რის მისაღებად არიან მზად, არამედ იმით, თუ რაზე არ მიდიან კომპრომისზე. ეს სწორედ ასეთი მომენტია.
ზოგიერთი რამ უბრალოდ მეტისმეტად მნიშვნელოვანია საიმისოდ, რომ გაიყიდოს. ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთს ეკუთვნის და ასე იქნება მუდამ. სანამ ევროპას სიტყვა ეთქმის, ის არასოდეს გაიყიდება“, – წერია უეფა-ს ოფიციალურ განცხადებაში.
ფიფა-ს პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს ინიციატივის საპასუხოდ, მსოფლიო ჩემპიონატის აქციები კერძო ინვესტორებზე გაიყიდოს, საგანგებო შეხვედრა ჩანიშნეს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის (კონკაკაფი) წარმომადგენლებმაც.
ფიფა-ს ინიციატივა გააკრიტიკა დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემაც. მისი თქმით, მსოფლიო ჩემპიონატი „გასაყიდად არავის ეკუთვნის“.