სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტის, თამარ ბალავაძის, 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თამარ ბალავაძე

სპორტის სამინისტროს ორგანიზებით ცნობილი ქართველი სპორტული ჟურნალისტის, თამარ ბალავაძის, 70 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

საიუბილეო ღონისძიებას სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შალვა გოგოლაძემ ქართული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თამარ ბალავაძეს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.

მინისტრმა თამარ ბალავაძეს ქართულ სპორტულ ჟურნალისტიკაში მრავალწლიანი აქტიური მოღვაწეობისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატება და მხნეობა უსურვა.

თამარ ბალავაძე ჟურნალისტური კარიერის განმავლობაში აშუქებდა ქართული სპორტისთვის მნიშვნელოვან მიღწევებსა და მოვლენებს. ის 25 წელი მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე, საინფორმაციო გამოშვებებში იყო სპორტული ნაწილის წამყვანი. ცნობილი სპორტული ჟურნალისტი არაერთი სპორტული გადაცემის, ფილმისა და წიგნის ავტორია. თამარ ბალავაძე ზაფხულის ექვს ოლიმპიურ თამაშებსა და ზამთრის სამ ოლიმპიადაზე იყო აკრედიტებული ჟურნალისტი.