სპორტის მინისტრმა საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცა

პარაძიუდოისტები

საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პარაძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების წევრებს შეხვდა და მსოფლიოს ჩემპიონატზე მიღწეული ისტორიული წარმატება მიულოცა. შალვა გოგოლაძემ მათ მომავალ ასპარეზობებში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას ესწრებოდნენ სპორტის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი რატი იონათამიშვილი და პარაძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელები.

საქართველოს პარაძიუდოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდურ ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში უზბეკეთის ნაკრებს 4:1 სძლია და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, რაც ისტორიული შედეგია.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს პირველობაზე სამი ოქრო და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმეს გიორგი ქალდანმა (-70 კგ. კატეგორია J2), საბა ბაღდავაძემ (- 81 კგ. კატეგორია J1) და ზვიად გოგოჭურმა (- 95 კგ. კატეგორია J2). ბრინჯაოს მედლებს კი ზურაბ ზურაბიანი (- 64 კგ. კატეგორია J2) და ლაშა ყიზილაშვილი (-95 კგ. კატეგორია J2) დაეუფლნენ.

ქართველი პარაძიუდოისტები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.