სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე პარასპორტსმენებს შეხვდა

შეხვედრა

საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ, პირველ მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილთან ერთად პარასპორტსმენებთან, მწვრთნელებსა და პარალიმპიური კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა პარაათლეტებს 2024 წელს მიღწეული წარმატებებისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში პარასპორტის განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე. მინისტრი პარაათლეტების საჭიროებებს გაეცნო და მათ მხარდაჭერა აღუთქვა.

2024 წელი ქართული პარასპორტისთვის განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. პარიზის მე-17 პარალიმპიურ თამაშებზე საქართველომ ცხრა მედალი მოიპოვა: ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოსი. საქართველოს წარმომადგენლებმა პარალიმპიადაზე ამდენი მედალი პირველად დაისაკუთრეს. პირველად ისტორიაში საქართველოს ღირსებას ზაფხულის პარალიმპიურ თამაშებზე ექვს სახეობაში 14 ქართველი სპორტსმენი იცავდა და მათ ექვსივე სახეობაში მედლების მოპოვება შეძლეს.