„შეუპოვარი, ამაყი ბიჭი და წმინდა ცრემლები გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის გამო“ - რას წერს Tuttonapoli-ი ხვიჩაზე

კვარა მილანთან

ნეაპოლურმა გამოცემამ, Tuttonapoli-იმ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „ნაპოლისა“ და „მილანს“ შორის გამართული დაპირისპირება შეაფასა, რომელიც „როსონერის“ ტრიუმფით დასრულდა. Tuttonapoli-ის ვიცე-დირექტორმა, არტურო მინერვინიმ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. თარგმანს კრისტალსპორტი აქვევყნებს.

„მილანთან გამართულ ორ მატჩში, კვარამ მცდელობა არ დააკლო, თავი გაწირა და ორი ან სამი მეურვის ჩამოშორების შემდეგ, რამდენიმე შეცდომაც ჰქონდა. ხშირ შემთხვევაში, მეტოქეების წინააღმდეგ მარტო რჩებოდა და მისი პარტნიორი, ვიქტორ ოსიმენი მეურვეებისგან თავს ვერ ითავისუფლებდა.

კვარაცხელიამ უფრო მეტი ორმაგი დაცვა გაარღვია, ვიდრე სპარტაკმა - ჯაჭვი და რამდენიმე ეპიზოდში, მილანის კარს ბურთი სრულიად შემთხვევით ააცილა. შეუპოვარი და ამაყი ბიჭი და წმინდა ცრემლები გაფუჭებული თერთმეტმეტრიანის გამო. ლუსიო დალას (იტალიელი კომპოზიტორი, მუსიკოსი და მსახიობი) უთქვამს: „როცა სილამაზეზე მელაპარაკებიან, პირველი ნეაპოლი მახსენდება“. დღეს, მე კვარას აცრემლებული თვალები მახსენდება და ამ ბიჭით ვამაყობ!“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა" და „მილანის" განმეორებითი მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და ორი მატჩის ჯამში, „როსონერიმ“ 2:1 იმარჯვა. „პარტენოპეის“ მომდევნო შეხვედრა 23 აპრილს ელის და კიდევ ერთი რთული გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ლუჩანო სპალეტის გუნდი სტუმრად „იუვენტუსს“ დაუპირისპირდება, რომელიც 44 ქულით მე-7 პოზიციას იკავებს.

უფრო მეტი წაიკითხეთ ამ ბმულზე