1728499899
სენსაცია იტალიის თასზე - კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ „კრემონეზესთან“ დამარცხდა
იტალიის თასზე ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მოთამაშე „ნაპოლიმ“, ერთი შეხედვით, იოლი ბარიერი ვერ დაძლია, სერია A-ს აუტსაიდერ „კრემონეზესთან“ დამარცხდა და ტიტულისთვის ბრძოლას გამოეთიშა.
1/8-ფინალში „ნაპოლი“-„კრემონეზეს“ დაპირისპირებამ ქართველების გარეშე ჩაიარა – მასპინძლებმა ხვიჩა კვარაცხელია დაასვენეს, ხოლო ლუკა ლოჩოშვილი სტუმართა განაცხადში არ იყო.
„სტადიო მარადონაზე“ „კრემონეზემ“ ახალი მწვრთნელის, დავიდე ბალარდინის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა. ანგარიში სტუმართა თავდამსხმელმა, შარლ პიკელმა მე-18 წუთზე გახსნა. „ნაპოლიმ“ ჟეზუსის გოლით 33-ე წუთზე გაათანაბრა, ხოლო 36-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ მასპინძლები დააწინაურა. თამაშის დასრულებამდე სამი წუთი ადრე ფელიქს აფენა-გიანმა წონასწორობა ისევ აღადგინა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.
საბოლოოდ, თამაში პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც უკეთ კრემონელებმა შეასრულეს (5:4) და იტალიის თასის მეოთხედფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.
„ნაპოლი“ მომდევნო მატჩს 21 იანვარს „სალერნიტანას“ წინააღმდეგ ჩაატარებს. სერია A-ს პირველი წრის ბოლო მატჩს ნეაპოლელები სტუმრად ითამაშებენ.
წყარო: 1ტვ