1728156496
საქართველოსთან მარცხი დასანანი იყო, მაგრამ გასვლაზე ჩვენც შეგვიძლია მოვიგოთ - ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, არმანდ დუკა იმედოვნებს, რომ საქართველოსთან წაგების მიუხედავად, გუნდი ერთა ლიგის ჯგუფში პირველ ადგილზე მაინც გავა.
„წარმატებული ტურნირის შემდეგ ჩავარდნა ბევრ ნაკრებს აქვს. ჩვენ შემთხვევაში ამას ვერ ვიტყვი. არ მიმაჩნია, რომ ევრო 2024-ის შემდეგ დამაჯერებლად ვერ ვთამაშობთ – ერთა ლიგის პირველი შეხვედრებით კმაყოფილი ვარ. პირველი შეხვედრა პრაღაში უკრაინასთან მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებთან კი ტირანაში დასანანი მარცხი განვიცადეთ.
ამის მთავარი მიზეზი მაინც მოთამაშეთა გადაღლილობა იყო. ძალიან რთულია, სამ დღეში ორი მატჩი თანაბარ დონეზე ჩაატარო, მით უფრო მაშინ, როდესაც ბევრი ფეხბურთელი კლუბში 90 წუთს არ თამაშობს, რაც მნიშვნელოვანი მომენტია. ბევრი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრებმაც იგივე გრაფიკით ითამაშა და ქართველებმა თუ ორივე მატჩი მოიგეს, ჩვენ იგივე რატომ ვერ მოვახერხეთ? ალბათ მაინც მეტი შეგვეძლო, მაგრამ უკმაყოფილო მაინც არ ვარ.
ახლა ჩვენს ჯგუფში ისეთი ვითარებაა, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება გავიდეთ. დაბალანსებული ჯგუფია, თანაბარი დონის ნაკრებებია და ყველაფერი მოხდეს შეიძლება. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, გასვლაზე რომ მოიგო და შინ დამარცხდე. 11 ოქტომბერს ჩეხეთთან ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და დიდი ალბათობით, ეს ორივესთვის გადამწყვეტი შეხვედრა იქნება. საქართველოსთან მარცხის მიუხედავად, ჩვენი მიზანი ჯგუფში პირველი ადგილზე გასვლაა.
ერთა ლიგა ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია, წარმატებამ, შესაძლოა, გზა მსოფლიოს ჩემპიონატისკენ გაგვიხსნას. სხვა თუ არაფერი, კარგი შედეგით რეიტინგს გავიუმჯობესებთ, ეს კი მსოფლიოს ჩემპიონატის შკლასიკური ესარჩევი ტურნირის წილისყრამდე უკეთეს კალათაში მოხვედრის საშუალებას მოგვცემს. ერთა ლიგის A დივიზიონში სულ სხვა დონეა და უმაღლესი კლასის ნაკრებები თამაშობენ“, – ამბობს არმანდ დუკა.