1756880280
საქართველოს ნაკრები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან დამარცხდა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს

საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ გამართა და 76:84 დამარცხდა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს – საქართველოს ნაკრებს ესპანეთთან საბერძნეთის გამარჯვება სჭირდება.
მატჩის შედეგს ორივე გუნდისთვს ოქროს ფასი ჰქონდა – საქართველოს ნაკრები 2015 წლის შემდეგ პირველად გავიდოდა ჯგუფიდან, ბოსნიელები კიდევ უფრო ხანგრძლივი შესვენების შემდეგ ითამაშებდნენ პლეი ოფში (1999 წელი).
ჩვენი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობა არ შეცვალა – კამარ ბოლდუინი, დუდა სანაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია და გოგა ბითაძე.
მართალია, ბოსნიის ნაკრებშიც თამაშობს NBA-ის ცენტრი იუსუფ ნურკიჩი, მაგრამ წინახაზელთა კლასით საქართველოს ნაკრებს უპირატესობა ნამდვილად აქვს, რისი გამოყენების საშუალება ბოსნიიის ნაკრებმა პირველი ტაიმის განმავლობაში არ მისცა. ჩვენი მეტოქე კარგად იცავდა სამწამიან ზონას.
თავის მხრივ, მათი შეტევითი სტრატეგია პერიმეტრიდან ტყორცნებზე იყო აგებული. პირველ ტაიმში იმუშავა კიდეც – ბოსნიელებმა მატჩი სამი ზუსტი სამქულიანით გახსნეს და ისე დასრულდა პირველი ტაიმი, უპირატესობა აღარ დაუთმიათ. მათ საწყის 20 წუთში 18-დან 8 სამქულიანი ჩააგდეს (44%). საწყისი მეოთხედის ქულების ნახევარი სწორედ პერიმეტრიდან ტყორცნებით მოაგროვეს. 47:35 – ასეთ ანგარიშზე გავიდნენ გუნდები დიდ შესვენებაზე.
მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ძალიან მოუმატა, აქტიური იყო სანდრო მამუკელაშვილი, რომელიც ქულებს სამწამიანიდან და პერიმეტრიდან აგროვებდა. შედეგად, მესამე მეოთხედი 27:20 მოვიგეთ და გამდაწყვეტი პერიოდის წინ მეტოქე წინ მხოლოდ 5 ქულით იყო.
მეოთხე მეოთხედში შედეგიანი იყო საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული მოთამაშე კამარ ბოლდუინი, რომელმაც ზედიზედ ხუთი ქულა მოიპოვა, ჯამში საქართველომ 15-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ანგარიში გაათანაბრა. თუმცა პერიოდის მიწურულს ბოსნია-ჰერცეგოვინა გააქტიურდა, 9 ქულით გაიქცა და შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა.
საბერძნეთისა და ესპანეთის მატჩი თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება. თუ საბერძნეთი მოიგებს, ალექსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი გუნდი პლეი ოფის საგზურს მოიპოვებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.