წყევლის შემცველი 6 ფრაზა, რომელიც არასდროს უნდა თქვათ, თუნდაც ხუმრობით
1749059895
სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXV რიგითი ყრილობა გაიმართა.
ყრილობის დასაწყისში ლევან კობიაშვილმა დელეგატებს აცნობა, რომ ნიკა ჯღარკავა სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის პოსტიდან გადადგა და აღმასკომიც დატოვა. მის ნაცვლად „სამტრედიამ“ ზაზა ზამთარაძის კანდიდატურა წარადგინა, რომელსაც დელეგატებმა მხარი დაუჭირეს.
სფფ-ის პრეზიდენტმა განვლილი წლის მოვლენები განიხილა და 2029 წელს საქართველოსა და სომხეთში 20-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების შესაძლებლობაზე ისაუბრა.
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას კობიაშვილმა განაცხადა, რომ ახალი ეროვნული სტადიონის მშენებლობა მალე დაიწყება. ყრილობაზე 2024 წლის ფინანსური ანგარიში დაამტკიცეს და 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი მიიღეს.
სფფ-ის პრეზიდენტი სანაკრებო წარმატებებსაც შეეხო, ევრო 2024-ზე ისტორიული გასვლა გაიხსენა და არც ახალგაზრდულ ნაკრებს აურა გვერდი, რომელმაც ევრო 2025-ზე თამაშის უფლება მოიპოვა.
„საქართველო იმ იშვიათ ევროპულ ქვეყნებს შორისაა, რომელმაც ყველა ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება მოიპოვა. დამიჯერეთ, ამაზე ბევრი ქვეყანა ოცნებობს. ჩვენ ამას არ ვჯერდებით და გვსურს, რომ შემდეგი ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში იყოს“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
სფფ-ს პრეზიდენტმა ცნობილ ბავშვთა მწვრთნელს, გია ჩარკვიანს ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და საგანგებო ჯილდო გადასცა.
ყრილობამ წყალტუბოს „სამგურალი“ და საგარეჯოს „გარეჯი“ ფეხბურთის ფედერაციის ასოცირებულ წევრად მიიღო.