1794936548
რამაზ სვანაძე: გარწმუნებთ, რომ მარტში აბსოლუტურად განსხვავებულ ნაკრებს ნახავთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის ნაკრებთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩზე, რომელიც 0:1 წავაგეთ და პირველად ისტორიაში, შესარჩევი ციკლი უგოლოდ დავასრულეთ.
„კრიტიკა უნდა მივიღოთ, რადგან როდესაც საქართველოს ნაკრებს ასეთი სერია აქვს. ერთი დიდი ციკლი დასრულდა, ამიტომ, უკვე საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რომ მარტიდან სულ სხვა გუნდი ვიყოთ, სხვა შემართებით და მენტალიტეტით – წარსულის მიღწევები ძალიან კარგია, ამისთვის მადლობა, მაგრამ ყველაფერი თავიდან გვაქვს დასაწყები, რადგან ფეხბურთის შედეგები საინტერესო დღესაა.
ყველაფერი თავიდან გვაქვს დასაწყები, ამ კუთხით მუშაობა დაწყებულია და გაგრძელდება. მარტში ისეთ საქართველოს ნაკრებს ნახავთ, როგორიც იყო 2024 წელს, ევროპის ჩემპიონატზე, როცა მთელი ქვეყანა ერთიანი იყო, ყველას ძალიან გვჭირდება ერთიანობა.
შეცდომები ჩვეულებრივი მომენტია, ეს ეხება ყველას, არ ცდება მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს. თუმცა, მიმაჩნია, რომ ახლა ყველაფერი მეორეხარისხოვანია. მთავარია, თავიდან დავიწყოთ იმ გუნდის შენება, რომლის კონტურები უკვე არსებობს და რომლითაც ყველა იამაყებს.
გასახდელში ვისაუბრეთ, ყველა ვთანხმდებით, რომ ყველაფერი ნულიდან უნდა დავიწყოთ, ისეთი შემართებით და ანთებული თვალებით, როგორიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა. ვისაუბრე პირველ რიგში მენტალურ მხარეზე და ფეხბურთელები, რომლებიც ამ მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებენ, შემდგომში ნაკრებში არ იქნებიან.
პირველ ნომრად თამაშს ვცდილობდით, მაგრამ ბოლო ფაზაში პრობლემები გვქონდა. სხვა ახსნას ვერ მოუვუძებნი იმ ფაქტს, რომ ექვს თამაშში ერთი ბურთიც ვერ გავიტანეთ. ეს ნორმალური არაა და ამის ახსნა არ მაქვს. გუნდის შენებისას ყველაფერი ბურთის ფლობიდან იწყება, ნელ-ნელა დაგვიბრუნდებიან წამყვანი ფეხბურთელები და ხარისხი მოგვემატება, რაც ძალიან გვჭირდება.











