მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, 8 500 კვ.მ ფართობზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია ხორციელდება

მუხიანი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური მუხიანის IV ბ მიკრორაიონში,  N33 და N34 კორპუსების მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დღეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ტერიტორიაზე თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა.

„სამუშაოები, დაახლოებით, 8 500 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობისთვის თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცე მოეწყობა. პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება საბავშვო მოედანი, სავარჯიშო სივრცე, განათების ქსელი; დამონტაჟდება სარწყავი სისტემა, მოეწყობა სასეირნო ბილიკები, სრულად განახლდება საპარკო ავეჯი - დაიდგმება სკამები და ურნები; სრულად განახლდება საფეხბურთო მოედანი და მოეწყობა ამფითეატრი, რომელიც მოსახლეობისთვის დამატებით საზოგადოებრივ სივრცეს შექმნის“, - განაცხადა თბილისის მერმა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გამწვანებას - ტერიტორიაზე დაირგვება ხე-მცენარეები და კეთილმოეწყობა მწვანე სივრცეები.

✕