ქართველი ქომაგის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება - ლუკა ლოჩოშვილი

ლუკა ლოჩოშვილი

ფელბერტში ქართული მედიის წარმომადგენლებთან საქართველოს ნაკრებისა და იტალიური „კრემონეზეს“ მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა თურქეთის ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

„მოსამზადებელი პროცესი ძალიან კარგად მიმდინარეობს, ავსტრიის შეკრება ნაყოფიერი გამოდგა. კარგ გარემოში ვიყავით და ვიმუშავეთ როგორც ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებაზე, ასევე ტაქტიკურ სქემებზე. გერმანიაშიც ყველანაირი პირობა გვაქვს მოსამზადებლად და ვფიქრობ, პირველ თამაშს ოპტიმალურ ფორმაში შევხვდებით.

ღია ვარჯიშს ძალიან ბევრი ქართველი ქომაგი დაესწრო და მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, თამაშს რაც უფრო მეტი ჩვენი გულშემატკივარი დაესწრება, კარგი იქნება, მეტ მხარდაჭერას ვიგრძნობთ სტადიონზე.

თურქეთის ნაკრები ძალიან ძლიერი გუნდია. კარგი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ევროპაში თამაშობენ. საინტერესო შეხვედრა იქნება. ვფიქრობ, შეგვიძლია წარმატების მიღწევა, რის შემდეგაც ჯგუფური ეტაპის სხვა მატჩებისთვის მოვემზადებით“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა.