ოქტომბრის შეხვედრებში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება იმის დამტკიცება, რომ სექტემბერში მიღწეული წარმატება შემთხვევითი არ იყო - სანიოლი

სანიოლი

უეფას ერთა ლიგის ოქტომბრის სანაკრებო მატჩების წინ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჟურნალისტებს შეხვდა. ფრანგმა სპეციალისტმა უკრაინელებთან და ჩეხებთან გასამართ შეხვედრებსა და ნაკრების ირგვლივ არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„ოქტომბრის შეხვედრებში ჩვენი მთავარი მიზანი იქნება იმის დამტკიცება, რომ სექტემბერში მიღწეული წარმატება შემთხვევითი არ იყო. გიორგი გულიაშვილი საინტერესო ფეხბურთელად მიმაჩნია და თუ ევროპის ჩემპიონატზე მისი გამოძახება ნაადრევად მიმაჩნდა, ახლა გოგლიჩიძის და ნონეკაშვილის მსგავსად დაამტკიცა, რომ ეროვნულ გუნდში სათამაშოდ მზადაა. გიორგი მიქაუტაძეს მართლაც რთული პერიოდი აქვს და მასზეა დამოკიდებული, ამ ყველაფერს როგორ გაუმკლავდება. ხვიჩა კვარაცხელიამ კონტეს მწვრთნელობის პერიოდში ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით აშკარად მოუმატა. რაც შეეხება ჩემს მომავალს, აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ერთად ლიგის ჯგუფური ეტაპის შემდეგ დავილაპარაკებთ“, - განაცხადა სანიოლმა.

ეროვნულ გუნდში მყოფი 23 ფეხბურთელიდან გიორგი გულიაშვილი ერთადერთი დებიუტანტია. ეროვნული ლიგიდან კი მხოლოდ ერთი მოთამაშე საბა კვერკველიაა გამოძახებული, რომელიც „დინამო თბილისში“ თამაშობს.

საქართველოს ეროვნული გუნდი შეკრებას 7 ოქტომბერს პოლონეთში დაიწყებს. უკრაინა -საქართველოს მატჩს 11 ოქტომბერს ქალაქი პოზნანი უმასპინძლებს და თამაში თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება. 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის შეხვედრა კი მიხეილ მესხის სტადიონზე სტარტს 20:00 საათზე აიღებს.