"ოქროს მედალს სულ სხვა გემო აქვს" - სანდრო ბაზაძის ექსკლუზიური ინტერვიუ რუსთავი 2-თან

sandro bazadze

მსოფლიო თასის ფინალში სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა - 258 სპორტსმენს შორის პირველობა ქართველმა მოფარიკავემ დაისაკუთრა.

"რუსთავი 2-თან" ექსკლუზიურ ინტერვიუში სპორტსმენი ამბობს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ხმლით დაწეროს გამარჯვების ისტორია. მისივე თქმით, რთული პერიოდის შემდეგ ეს გამარჯვება იყო მტკიცებულება იმისა, რომ რწმენა, შრომა და თავდადება კვლავაც იმარჯვებს მსოფლიო ასპარეზზე.

სანდრო, რა იყო პირველი ფიქრი იმ მომენტში, როცა გაიაზრეთ, რომ ოქრო თქვენი იყო?

- ოქროს მედალი მაინც სულს სხვა გრძნობა არის და ძალიან ბედნიერი და ძალიან გახარებული ვარ, იმიტომ, რომ აქტიურ სპორტს დავუბრუნდი. შრომა ისევ ფასდება, ჩემს თავში რწმენა უფრო მიბრუნდება და კიდევ ვაგრძელებ ჩემი მიზნებისთვის ბრძოლას.

 

ეს გამარჯვება სხვა გამარჯვებებისგან განსხვავებული ემოციის მატარებელი იყო?

 

- ძალიან ბევრი სირთულის შემდეგ ეს პირველი შეჯიბრებაა, რომელზეც ოქროს მედალი მოვიპოვე და რაღაცნაირად უფრო გახარებული ვარ, ჩემი თავის იმედი დამიბრუნდა - ვიბრძვი კიდევ დიდი წარმატებებისთვის.

იყო მომენტები, როცა ეჭვი შეგეპარათ საკუთარ ძალაში?

- სპორტი რთული რამ არის, კარიერაში იმედგაცრუება, გულისტკივილი - ყოველთვის არის ეს ყველაფერი და არის მსგავსი რაღაცები. შენს თავშიც შეგეპარება ეჭვი, ბევრ სხვა ადამიანშიც, მაგრამ ეს არის გამოწვევები, უნდა გავუძლოთ და არასდროს უნდა ჩავიქნიოთ ხელი, ყოველთვის უნდა ვიყოთ მიზანდასახულები, შრომის მოყვარულები და ყველაფერი შესაძლებელია დღევანდელ ცხოვრებაში.  ეს ოქროს მედალი ორმაგად და სამმაგად დასაფასებელია, იმიტომ, რომ ნამდვილად რთული პერიოდი გამოვიარე და კიდევ დავამტკიცე, რომ მე შემწევს ძალა ჩემი სახელი კიდევ გავიტანო მსოფლიო ასპარეზზე და მრავალჯერ გავაკეთებ კიდევ ამას. ვცდილობ ყოველთვის ვიყო გაწონასწორებული, პატივი ვცე ჩემს მოწინააღმდეგეს, იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პროფესია, ამით ვცხოვრობ.

გქონდათ თუ არა კონკრეტული ტაქტიკა შემუშავებული, რომლითაც ფინალში საკმაოდ ძლიერ მეტოქეს დაუპირისპირდებოდით?

- საერთოდ ეს შეჯიბრება არის ძალიან რთული - მსოფლიო თასი, იმიტომ, რომ მთელი მსოფლიო ჩამოდის, 258 სპორტსმენი მონაწილეობდა და პირველობა, რა თქმა უნდა, რაღაცნაირად ძალიან ისეთია რა... ხანდახან, რომ დავუფიქრდები ძალიან მახარებს ეს ყველაფერი. მზად ვიყავი ამ შეჯიბრებაზე და ვინც არ უნდა შემხვედროდა, ჩემი აზრით, ყველა მოწინააღმდეგესთან ჩემს საკეთილდღეოდ დამთავრდებოდა ორთაბრძოლა.