ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლო

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ სანდრო წივწივაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღებაში.

პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018-2019 წლებში ბრალდებულმა შეიძინა და შენახვის უფლებით დაირეგისტრირა სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან სამი მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღა სხვადასხვა პირზე, მათ შორის, ერთ-ერთი ცეცხლსასროლი იარაღით 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოკლეს ლევან ჯანგველაძე და მძიმედ დაჭრეს მისი მძღოლი.

შსს-ის თბილისის პოლიციის თანამშრომლებმა ბრალდებული გუშინ დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.