„ნიურნბერგმა“ ლუკა ლოჩოშვილი წარადგინა

ლუკა ლოჩოშვილი

ლუკა ლოჩოშვილი „ნიურნბერგის“ ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბს იტალიური „კრემონეზედან“ შეუერთდა.

„ნიურნბერგს“ ამჟამად გერმანიის ნაკრების ლეგენდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზე ხელმძღვანელობს. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ლოჩოშვილმა ითამაშა „ვოლფსბერგერში“, კიევის „დინამოსა“ და „ჟილინაში“, ხოლო ავსტრიაში გატარებული ორი სეზონის შემდეგ კარიერა იტალიურ „კრემონეზეში“ განაგრძო. ბოლოს იჯარით „სალერნიტანას“ რიგებში გამოდიოდა.

„ლუკა ლოჩოშვილს უკვე აქვს გამოცდილება სხვადასხვა ევროპულ ლიგასა და ევროტურნირებზე, ის საქართველოს ნაკრების წევრია. მარცხენა ფეხით მოთამაშე ფეხბურთელმა, რომლის სიმაღლე 192 სანტიმეტრია, კონტრაქტი გააფორმა და 24-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს“, – წერია კლუბის განცხადებაში.

გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ჯოტი ჰაციალექსიუმ ლოჩოშვილის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა: „მოხარულები ვართ, რომ ლუკა ჩვენს კლუბში თამაშს დათანხმდა. მისი გამოცდილება, სათამაშო ხარისხი და ფიზიკური მომზადება ჩვენს გუნდს დიდ ძალას შემატებს. ის იქნება ლიდერი – როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ“ - აღნიშნა მან.

ახალ გუნდში გადასვლის შესახებ ისაუბრა ქართველმა ფეხბურთელმა: „მიხარია, რომ ისეთი ტრადიციული კლუბის ნაწილი გავხდი, როგორიც „ნიურნბერგია“. მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას. მზად ვარ, გუნდში ლიდერის როლი მოვირგო“, - აღნიშნა ლუკა ლოჩოშვილმა.