მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ილია სულამანიძე იჭიდავებს

ილია სულამანიძე

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში. ტურნირის მეექვსე დღეს კაცები – 100 კგ წონით კატეგორიაში, ხოლო ქალები -78 კგ-ში იასპარეზებენ.

100 კგ-ში ილია სულამანიძე მეორე წრიდან იჭიდავებს და პირველ შეხვედრას უნგრელ სომბორ ვეგთან ჩაატარებს. გამარჯვების შემთხვევაში ქართველის სავარაუდო მეტოქე ესპანეთის სახელით გამომასვლელი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი (90 კგ-ში) ქართველი ნიკოლოზ შერაზადაშვილი იქნება.

წინასწარი ორთაბრძოლები თბილისის დროით 13:30 საათზე დაიწყება, ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13 ივნისს დაიწყო და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია: ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ტურნირის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ლუკა მაისურაძე (90კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.