„მოედანზე მითხრა, გასახდელში დავილაპარაკოთო და მივედით“ - დუდა სანაძე მეტოქესთან ინციდენტზე

დუდა სანაძე

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მესამე მატჩი გამართა. ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა, რომელსაც ორივე მატჩი მოგებული ჰქონდა. შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა – 88:83.

თამაშს ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. დუდა სანაძემ ქართულ მედიასთან საუბარში თურქული მხარის გავრცელებულ ვერსია კატეგორიულად უარყო.

„მოხდა ისეთი ინციდენტი, რის გამოც ძალიან ვწუხვარ. მსაჯის მოქმედებაზე გავბრაზდი და იმას ვუკეთებდი კომენტარს, ქორქზმას რომ ჩავუარე – ძალიან ცუდი ჯარიმა დაგიდეს-მეთქი. არ ვიცი, იმან რა გაიგო, მაგრამ ახლოს რომ მოვიდა, აირია ვითარება.

მერე რაც მოხდა, ყველამ იცით. საქართველოში ვართ და ამ ამბის გაგრძელებას არ ვაპირებდით. მაგრამ ისეთი მოხდა… ისეთი ხელების ქნევა და გარეთ გამოდის ძახილი იყო, ქართველები ვართ, საკუთარ ქვეყანაში ვთამაშობთ და სიამაყე გვაქვს. არც იმან დაიხია და არც ჩვენ. ვფიქრობ, მისი ემოციებიც გადაჭარბებული იყო და ჩვენიც და ეს არ უნდა მომხდარიყო. არასასიამოვნო ფაქტია. ეს კალათბურთია, მეგობარი ქვეყნები ვართ და იმასაც უნდა აერიდებინა თავი და მეც“,- ამბობს დუდა სანაძე. 

– მართალია, რომ ქორქზმაზი საქართველოს ნაკრების გასახდელთან თავად მოვიდა?

„როდესაც გასახდელთან გამოიარეს, იყო ხელების ქნევა, რაც დაახლოებით ისე ჟღერდა, რომ აი, გამოვედი გარეთ და აბა, რას იზამთო. მოედანზე მითხრა, რომ გასახდელში დავილაპარაკოთო და მივედით. დალაპარაკებას ვაპირებდით, რომ ყველაფერი მოგვეგვარებინა. მაგრამ, ვითარება დაიძაბა და შელაპარაკება მოხდა.

რაც თურქულმა მედიამ დაწერა და მათმა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თქვა მომხდარში დაცვის მონაწილეობაზე, სიმართლეს არ შეეფერება. დაცვის სამსახურის დადანაშაულება სრული აბსურდია. გაშველებაში მთავარი როლი სწორედ დაცვამ ითამაშა და მადლობა მათ, უფრო დიდი არეულობა რომ არ მოხდა, თორემ ორივე მხარე ემოციებში ვიყავით“,- ამბობს სანაძე. 

მთლიანი ინტერვიუ, შეგიძლიათ იხილოთ აქ: