„დიდი ბედნიერება გვექცა ტრაგედიად...“ - თბილისში, ძმის ქორწილში ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს
1793107873
მძიმე ტრავმა, მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების მხარდაჭერა და გულშემატკივართა მოლოდინი - მთავარი ყურადღება ახლა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას სარეაბილიტაციო პროცესსა და მოედანზე დაბრუნებაზეა გადატანილი.
როგორც მოგეხსენებათ, ბარსელონასთან მატჩის 58-ე წუთზე კვარაცხელია მეტოქის მცველ ხავი ესპარტისთან სათამაშო ეპიზოდში ჩაერთო. უკან დაბრუნებისას ქართველმა ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლი დაიზიანა და მოედნის დატოვება სამედიცინო პერსონალის დახმარებით მოუწია.
საქართველოს ნაკრების კაპიტანს მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგი აქვს გაწყვეტილი. პსჟ-მ დაადასტურა, რომ კვარაცხელიას ტრავმა საკმაოდ მძიმეა და ფეხბურთელს, შესაძლოა, სეზონის გამოტოვება მოუწიოს.
ქართული ფეხბურთის სუპერვარსკვლავს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია.
კვარას გუნდმა, „პარი სენ-ჟერმენმა“ ოპერაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა.
კლინიკის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, ასპეტარი 2007 წლიდან ფუნქციონირებს და მისი ძირითადი მიმართულებები ორთოპედია და სპორტული მედიცინაა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ცენტრი პროფესიონალ სპორტსმენებს ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციასა და მოედანზე სწრაფად დაბრუნებაში ეხმარება. ეს ხვიჩა კვარაცხელიას შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართველი ფეხბურთელისთვის მუხლის ფუნქციის აღდგენის გარდა, სტაბილურობის, სისწრაფის, მიმართულების სწრაფად შეცვლისა და დრიბლინგის უნარის (იგულისხმება ბურთის შენარჩუნება მოწინააღმდეგის გვერდის ავლით ან მოტყუებით) სრულფასოვნად დაბრუნება.
როგორი კლინიკაა და რამდენად მაღალი დონის დაწესებულებაა
ასპეტარი ჩვეულებრივი მრავალპროფილური საავადმყოფო არ არის – მისი ძირითადი მიმართულება სპორტთან დაკავშირებული ტრავმები და სპორტსმენების უნარების აღდგენაა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2009 წელს ის FIFA-ს სამედიცინო ცენტრად ოფიციალურად აღიარეს. 2018 წელს წარმატებულად გაიარა ჯანდაცვის ხარისხის შეფასების საერთაშორისო პროგრამა და უმაღლეს შესაძლო აღიარებასაც მიაღწია.
კლინიკას საერთაშორისო სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სპეციალური მომსახურება აქვს, რომელიც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან მუდმივ კონტაქტს, მკურნალობის დაგეგმვასა და რეაბილიტაციის პროცესის ორგანიზებას გულისხმობს. თითოეული პაციენტისთვის პროგრამა ინდივიდუალურად იგეგმება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ასპეტარი თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეციალიზებული სამედიცინო აპარატურით არის აღჭურვილი, რაც ექიმებს საშუალებას აძლევს, სპორტული ტრავმები დეტალურად შეისწავლონ, მკურნალობის პროცესი აკონტროლონ და სპორტსმენის რეაბილიტაციის თითოეული ეტაპი სათანადოდ შეაფასონ.
მაგალითად, თავდაპირველად მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის, იგივე MRI-ის საშუალებით ადგენენ, რამდენად დაზიანებულია მუხლის წინა ჯვარედინი იოგი ან სხვა ნაწილები. ამასთან, ამოწმებენ სახსრის მოძრაობასა და კუნთების მდგომარეობას, რათა ოპერაციისთვის სათანადოდ მოემზადონ. Aspetar-ის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ იქ მკურნალობა მხოლოდ ოპერაციით არ სრულდება - განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა აღდგენის პროცესსაც. პირველ ეტაპზე ექიმები აკონტროლებენ ტკივილსა და შეშუპებას, პაციენტი კი მსუბუქი ვარჯიშებით მუხლის მოძრაობისა და კუნთების გააქტიურებას იწყებს. მომდევნო კვირებსა და თვეებში დატვირთვა თანდათან იზრდება, ძლიერდება ფეხის კუნთები და უმჯობესდება წონასწორობა. მოგვიანებით ფეხბურთელი სირბილზე, აჩქარებასა და მიმართულების შეცვლაზე ორიენტირებულ ვარჯიშებს უბრუნდება. აპარატურით ზომავენ კუნთების ძალას, კამერებისა და სენსორების დახმარებით კი აკვირდებიან, რამდენად სწორად მოძრაობს სპორტსმენი სირბილისა თუ ხტომის დროს. ეს ექიმებს ეხმარება, შეაფასონ არის თუ არა მზად მოედანზე დასაბრუნებლად. წინა ჯვარედინი იოგის ტრავმის შემდეგ პროფესიონალურ ფეხბურთში დაბრუნებას ხშირად ექვსიდან თორმეტ თვემდე სჭირდება, თუმცა ვადა ინდივიდუალურია.
„ბიბისი სპორტის“ ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ასპეტარის მომსახურებით ისეთმა ცნობილმა ფეხბურთელებმა ისარგებლეს, როგორებიც – ლიონელ მესი, ნეიმარი, კილიან მბაპე და სერხიო რამოსი არიან. ეს სიის მხოლოდ მცირე ნაწილია.
რაც შეეხება ფასს: ასპეტარის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, კლინიკა მსგავს ოპერაციებზე ფიქსირებულ ფასს საჯაროდ არ აქვეყნებს - ღირებულება კონკრეტული პაციენტის გამოკვლევისა და მკურნალობის გეგმის მიხედვით განისაზღვრება.
კატარის ბაზრის შესახებ ერთ-ერთ კვლევით ანგარიშში აღნიშნულია, რომ იოგის აღდგენის ოპერაციების ღირებულება 35-დან 55-მე ათას კატარულ რიალად არის შეფასებული, რაც დაახლოებით 9-დან 15 ათასის დოლარის ფარგლებშია.
ახლა ხვიჩა კვარაცხელიასთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის სრულად აღდგენა და მოედანზე დაბრუნებაა.
"პრაიმ ტაიმი" სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს ქართული ფეხბურთის სუპერვარსკვლავს.