ლაშა შავდათუაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ლაშა

ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.

დღეს კონტინენტის პირველობაზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ფინალში იასპარეზებს. მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში გასასვლელად იტალიელ ატილიო ესპოზიტოს იპონით სძლია და ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს ოქროს მედლისთვის დაუპირისპირდება.

დღეს კიდევ ოთხმა ქართველმა ძიუდოისტმა იჭიდავა. გიორგი ჩიხელიძე (73 კგ), ეთერ ასკილაშვილი (63 კგ), მარიამ ჭანტურია და ნინო გულბანი (ორივე – 70 კგ) ტურნირს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 25 აპრილს ოქროს მედლის მფლობელი ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) გახდა, ბრინჯაოს მედალი კი ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) მოიპოვა.