ლადო კაკაშვილი: სასიამოვნოა, რომ „დინამო თბილისმა“ თურქეთის სუპერლიგის გუნდს სძლია და ხარისხიანი თამაშიც აჩვენა

ლადო კაკაშვილი

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლადო კაკაშვილმა და ცენტრალურმა მცველმა, ირაკლი იაკობიძემ თურქულ შეკრებაზე „რიზესპორთან“ გამართული ამხანაგური მატჩი შეაფასეს, რომელიც თბილისელებმა 3:1 მოიგეს.

ლადო კაკაშვილი, „დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელი:

„ჩვენი მეტოქე თურქეთის სუპერლიგის გუნდია და, ბუნებრივია, რთული თამაში იყო. ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს დაპირისპირება მოვიგეთ და თანაც ხარისხიანი ფეხბურთი ვაჩვენეთ. განსაკუთრებით პირველ ტაიმს გამოვარჩევდი. მიუხედავად დამღლელი გზისა, ვიბრძოლეთ და ბიჭების მოქმედებას დადებითად შევაფასებდი.

რაც შეეხება მოსამზადებელ ეტაპს – ვფიქრობ, კარგად მიდის. ოთხივე ამხანაგური მატჩი ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ჩავატარეთ, სადაც ჩვენი შესაძლებლობები გამოჩნდა. მჯერა, კიდევ უფრო მოვუმატებთ. წინ ერთ საკონტროლო შეხვედრა გვრჩება – 12 ივლისს „ტრაბზონსპორთან“, რის შემდეგაც საქართველოს თასის მატჩისთვის მოვემზადებით“.

ირაკლი იაკობიძე, „დინამო თბილისის“ მცველი:

„ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდს დაახლოებით 10 დღის შემდეგ შევუერთდი. ამ დროისთვის მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაწყებული იყო. „არარატ არმენიასთან“ ერთ ტაიმში ვითამაშე. გუნდი კარგ ფორმაშია და შევძელით, „რიზესპორი“ დაგვემარცხებინა“.