უმძიმესი ტრაგედია ხონში - ავარიას სამი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
1744984745
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენს“ ჩემპიონთა ლიგაზე „ასტონ ვილას“ დამარცხებაში არა მხოლოდ არაჩვეულებრივი გოლით დაეხმარა, არამედ დაცვაში კარგი თამაშითაც – ამის შესახებ ფრანგული გამოცემა „ეკიპი“ წერს.
რამდენიმე თვეში კვარაცხელია უკვე პსჟ-ს ლიდერია
„ხვიჩა კვარაცხელია „ასტონ ვილასთან“ (3:1) მატჩში პარიზელთა ყველაზე აქტიური თავდამსხმელი იყო. ბირმინგემელთა მცველს, აქსელ დისასს დიდხანს ემახსოვრება ქართველი როგორ გასცდა დრიბლინგით და ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხე გოლი გაიტანა (ორი „ნაპოლიში“ და ორი პსჟ-ში).
კვარაცხელიამ საფრანგეთის ჩემპიონის შემადგენლობაში, ყველა ტურნირზე, იმდენი საგოლე მოქმედება დააგროვა (17 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე გადაცემა), რამდენიც „ნაპოლიში“ სეზონის პირველ ნახევარში (19 მატჩი, 5 გოლი, 3 საგოლე გადაცემა). „ანჟესთან“ მოგებულ შეხვედრაში (1:0), სწორედ მისი გადაცემით გაიტანა დეზირე დუემ ერთადერთი გოლი, რომელმაც კვარაცხელიას ახალ კლუბს საფრანგეთის ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
„ასტონ ვილასთან“ 24 წლის თავდამსხმელი პარიზელთა ყველაზე აქტიური ფორვარდი იყო, შესანიშნავი გოლის გარდა, კარში ხუთჯერ დაარტყა და მეტოქის საჯარიმოში ბურთს 11-ჯერ შეეხო.
ხვიჩა გუნდს დაცვაშიც აქტიურად ეხმარებოდა, მისი ჭკვიანური მოქმედებები „ასტონ ვილას“ შეტევების განვითარებაში ხელს უშლიდა. კვარაცხელიას დაცვაში კარგი თამაში მატჩის შემდეგ პარიზელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემაც აღნიშნა.
შესაძლოა, სწორედ ამ უნარით აიძულა სამწვრთნელო შტაბი, ბრედლი ბარკოლაზე წინ დაეყენებინათ. ამ ტიპის თამაშით კვარაცხელია ადასტურებს, რომ უნივერსალური ფეხბურთელია, მის ტექნიკურ მოქმედებები კი ძველებურად ეფექტურია“, – წერს ფრანგული გამოცემა.