კაპანაძე და მოისწრაფიშვილი საუკეთესო მოთამაშეებად დაასახელეს

კაპანაძე და მოისწრაფიშვილი

სლოვაკეთის ჩემპიონატში მეორე ტურის მატჩები ჩაატარეს ქართველმა ლეგიონერებმა. ბრატისლავის „სლოვანი“, სადაც გურამ კაშია თამაშობს, „პრეშოვს“ ესტუმრა და მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2. საქართველოს ნაკრების კაპიტანი სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა, რადგან წინა სეზონის ბოლო ტურში წითელი ბარათი მიიღო და ორი თამაშით დისკვალიფიცირებულია.

„დუნაისკა სტრედაში“ ცოტნე კაპანაძესთან ერთად პირველად ითამაშა გიორგი გაგუამ, რომელიც თორნიკე ძოწენიძის (შეუცვლელად ითამაშა) „მიხალოვცეს“ დაუზავდა – 1:1. გიორგი გაგუა მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კაპანაძე გახდა, რომელმაც 8.4 ქულა დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება აღმოჩნდა. „დუნაისკა სტრედა“ აგებდა და ანგარიში 67-ე წუთზე გაათანაბრა – საგოლე გადაცემა ცოტნე კაპანაძემ მიითვალა.

ტრნავას „სპარტაკში“ გიორგი მოისწრაფიშვილმაც საგოლე გადაცემა შეასრულა. „სპარტაკმა“ „რუჟემბეროკი“ 3:0 დაამარცხა. მოისწრაფიშვილმა საგოლე გადაცემა ზედიზედ მეორე შეხვედრაში ჩაიწერა და 8.4 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

„ჟილინა“, სადაც სანდრო ნარიმანიძე თამაშობს, გასვლაზე „სკალიცას“ დაუზავდა – 0:0, მოგებაც შეეძლო, მაგრამ პენალტი ვერ გამოიყენა. 19 წლის ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა, 7.5 ქულა დაიმსახურა, რაც ორივე გუნდში მეორე საუკეთესო შეფასება იყო.