ისტორიაში პირველად - მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს ქალი არბიტრი იმსაჯებს

სტეფანი ფრაპარი

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად - დღეს კოსტა რიკისა და გერმანიის ნაკრებების მატჩში ქალი არბიტრი, ფრანგი სტეფანი ფრაპარი იმსაჯებს.

ცოტა ხნის წინ, ფრანგმა არბიტრმა სტეფანი ფრაპარიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითია. მან ასევე აღნიშნა, რომ მატჩის შემდეგ გამოხმაურებას არ ეცნობა და ეს არ აინტერესებს.

„ვიცი, რომ ბევრი ქალისთვის მისაბაძი მაგალითი ვარ და ეს მსიამოვნებს. ახალგაზრდა გოგონები ფეხბურთს ტელევიზორში უყურებენ, ამიტომ ვიცი, რომ თუ მე მოედანზე ვიქნები, ისინი დაინახავენ, რომ ეს შესაძლებელია. ეს სიტუაცია რა თქმა უნდა, დაეხმარება ზოგიერთ გოგონას, რომ მსაჯთა სამყაროს მიუახლოვდეს.

მე არ მაქვს სოციალური ქსელები, არასდროს წამიკითხავს გაზეთები ჩემს შესახებ. ვიცი, რომ ფეხბურთში ყველა ლაპარაკობს თუ რა გააკეთა მსაჯმა და ამიტომ, ყველაფერს ვაიგნორებ. მირჩევნია ასე მოვიქცე.

VAR? დიდი დახმარებაა. ჩვენ ვაგრძელებთ მსაჯობას, როგორც მანამდე და ვიღებთ გადაწყვეტილებას მოედანზე, შემდეგ კი გვაქვს მხარდაჭერა შეცდომების შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ეს ფეხბურთისთვის კარგია“, - თქვა ფრაპარიმ.

ცნობისთვის, სტეფანი ფრაპარი 38 წლისაა და პირველი ქალი არბიტრი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მატჩი („იუვენტუსი“ – „დინამო კიევი“) იმსაჯა.

მანამდე, 2019 წელს ფრანგმა ევროპის სუპერთასზე „ლივერპულისა“ და „ჩელსის“ შეხვედრა განსაჯა.