ისტორიაში მესამედ! ,,ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია

კვარა ოსიმენი

ისტორიაში მესამედ და 33 წლის შემდეგ პირველად, ,,ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია.

ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ ესტუმრა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

უდინეს „დაჩია არენაზე“ სტუმრებს 10 ათასამდე ნეაპოლელი ამხნევებდა. „ნაპოლიმ“ თამაში აქტიურად დაიწყო, მაგრამ მე-13 წუთზე მასპინძლები სანდი ლოვრიჩის ეფექტური გოლით დაწინაურდნენ და ტაიმიც მოიგეს.

შესვენების შემდეგ „ნაპოლიმ“ ანგარიში სწრაფად გაათანაბრა. 52-ე წუთზე, კვარაცხელია - ოსიმენის წყვილმა თავისი საქმე მაინც გააკეთა – სტანდარტული მდგომარეობის გათამაშების შემდეგ კარში ხვიჩამ დაარტყა, დამატებაზე კი ოსიმენმა გაიტანა – 1:1.

ხვიჩა 86-ე წუთზე აპლოდისმენტების ფონზე შეცვალეს, მატჩი კი 1:1 დასრულდა. 

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველივე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.