ფიჯისთან მატჩს ბორჯღალოსნების კაპიტანი და რამდენიმე მორაგბე გამოტოვებს

მერაბ შარიქაძე

ფიჯისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებები ხუთ ივლისს ისტორიაში მერვედ ხვდებიან ერთმანეთს. მატჩს საქართველოს კაპიტანი მერაბ შარიქაძე გამოტოვებს.

პარასკევს, ხუთ ივლისს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ზაფხულის ტესტმატჩების სერიის პირველ შეხვედრას ბათუმში, ფიჯის ნაკრების წინააღმდეგ ატარებს.

შეხვედრას, რომელიც ბათუმში 20:00 საათზე დაიწყება, სხვა რამდენიმე მორაგბესთან ერთად, გამოტოვებს გუნდის კაპიტანი, ბუკა (მერაბ) შარიქაძე.

მწვრთნელების კომენტარი


რიჩარდ კოკერილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი – „ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. რამდენიმე მორაგბე ტრავმირებულია, რამდენიმე სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ არის ჩვენთან. დღესდღეობით შეკრებაზე მყოფი ყველა მოთამაშე ოპტიმალურ ფორმაშია და მზადაა თამაშისთვის. ზაფხულის ტესტმატჩებს მომავალი მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად ვიყენებთ და მინდა, საქმეში რაც შეიძლება მეტი მოთამაშე ვნახო.

საკმაოდ ძლიერ გუნდს ვხვდებით. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს, მიმაჩნია, რომ მზად ვართ და შეგვიძლია, ფიჯის ნაკრები დავამარცხოთ“.

მიკ ბერნი, ფიჯის ნაკრების მწვრთნელი – „პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ქართულ მხარეს კარგი მასპინძლობისთვის. საქართველოსთან მძიმე მატჩს ველით, განსაკუთრებით მათ ფორვარდებს უნდა ვუფრთხილდეთ. ქართველები შერკინებაში ყოველთვის ძლიერები იყვნენ და ამ კომპონენტში უპირატესობის მოპოვებაც ახლაც ეცდებიან.

გუნდში რამდენიმე გამოცდილი მოთამაშე გვყავს, რომლებსაც მსოფლიო თასზე ასპარეზობის გამოცდილება აქვთ – ასეთი დონის ტესტმატჩებისას ამას დიდი მნიშვნელობა აქვს“.